საზოგადოება
„ზუგდიდში ბიუჯეტის თანხები არამიზნობრივად, არაადეკვატურად იხარჯება“

fuliსაქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს:

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამ დღეებში თავის სხდომაზე დაამტკიცა ერთი მეტად „მნიშვნელოვანი“ საკითხი „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებისათვის, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთი თვის ხელფასის ოდენობით ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე“. საკრებულოს დეპუტატებიდან (34 – „ნაცმოძრაობიდან“, 7 – ოპოზიციიდან) წინააღმდეგი გამოვიდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი გია ალასანია და „სამართლიანი საქართველოს“ წარმომადგენელი ლოთი ქობალია.

საქართველოს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას ბიძაშვილი გია ალასანია, რომელმაც ერთადერთმა არ მისცა ხმა ახალი წლის წინა დღეებში ღამის 10 საათზე მიღებულ ზუგდიდის ბიუჯეტს, თავის აღშფოთებასა და გულისწყრომას ვერ მალავს. „ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს საჯარო მოხელეებისათვის ფულადი დახმარება, თანაც, მასობრივად. მიუხედავად ჩემი კატეგორიული მოთხოვნისა, ციფრებს არ გვისახელებენ. შეიძლება რომელიმე საჯარო მოხელეს მართლაც სჭირდებოდეს დახმარება, მაგრამ ყველას ერთად როგორ გაუჭირდა. განმიცხადეს, ეს ასე გვქონდა გათვალისწინებულიო. პრემიების გაცემა რომ დაერქმიათ, კიდევ არა უშავდა, მაგრამ ერთი თვის ხელფასის გაცემა – ეს ხომ აფსურდია. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ალექსანდრე ქობალიას, რუსლან კილასონიასა და სხვებს თურმე დახმარება სჭირდებათ“, – აცხადებს გია ალასანია.

გია ალასანიას განმარტებით, 2010 წელს მარტო კულტურულ-სპორტული ღონისძიებებისათვის დაიხარჯა 533000 ლარი. „კომისიის სხდომაზე ანგარიშის მოსმენისას წარმოდგენილ იქნა ხარჯთაღრიცხვა, რომ ნახევარზე მეტი არაადეკვატურად იქნა დახარჯული. კონკრეტულად, 26 მაისს ჩატარდა ვითომდა დევნილების მხარდამჭერი აქცია „მუსიკა ათავისუფლებს“. ეს იყო ყოვლად უსახური აქცია, რომელიც არანაირად არ შეესაბამება დევნილების პრობლემას. შოუბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოდიან ზუგდიდში, საკუთარ პირობებს უყენებენ ადგილობრივ ხელისუფლებას და ხელისუფლებაც აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, რის გამოც ბიუჯეტიდან არაადეკვატურად იხარჯება თანხები“, – აღნიშნა გია ალასანიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სახელფასო ფონდი, საქონლისა და მომსახურების ხარჯები 2011 წლისათვის შეადგენს 4232000 ლარს, მაშინ, როდესაც საკუთარი შემოსავლები 3500000 ლარია და, როგორც გია ალასანია აცხადებს, დანარჩენი მოდის ცენტრიდან და ცენტრი კარნახობს, სად და რაში დაიხარჯოს ბიუჯეტის თანხები და ამ დროს რომელ ადგილობრივ თვითმმართველობაზეა ლაპარაკი.

ასე რომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებს ბედნიერი აღდგომა კი გაუთენდებათ, მაგრამ რა ქნან იმ კატეგორიის ადამიანებმა, რომელთაც არა თუ დამატებითი, არამედ ლუკმაპურისათვის სამყოფი თანხებიც არ გააჩნიათ“.