პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოზე

PACE-113 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრებისას აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე მორიგი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია მიესალმება საქართველოს ხელისუფლების „მნიშვნელოვან ძალისხმევას“ ვალდებულებების შესრულების კუთხით და იმ „მნიშვნელოვან პროგრესს“, რომელსაც ქვეყანამ აგვისტოს ომის შედეგების მიუხედავად 2008 წლის მონიტორინგის ანგარიშის შემდეგ მიაღწია. ამავე დროს, რეზოლუციში საუბარია სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემებზეც.

რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა დებატები მოხსენების ირგვლივ, რომელიც საქართველოს საკითხზე ორმა თანამომხსენებელმა – დანიელმა დეპუტატმა მაიკლ იენსენმა და ალბანელმა დეპუტატმა კასტრიო ისლამმა – მოამზადა.

დებატების დროს გამომსვლელთა უმეტესობამ განაცხადა, რომ მოხსენება „დაბალანსებულია“. როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, თანამომხსენებლებმა „ოქროს შუალედის“ დაცვა მოახერხეს, როცა პროგრესსაც და ხარვეზებსაც თანაბარი ყურადღება დაეთმო.

ყველაზე მეტი კრიტიკა რუსული დელეგაციის მხრიდან წამოვიდა. რუსი დეპუტატების შეფასებით, მოხსენება სრულად არ ასახავდა საქართველოში არსებულ პრობლემებს, მათ შორის, „პოლიტიკური პატიმრების“ კუთხით.

რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ დეპუტატმა სერგეი მარკოვმა განაცხადა, რომ მოხსენება „შერეულ შთაბეჭდილებას ტოვებს“. მისი თქმით, მოხსენება არ ეხება „რეალურ საქართველოს, სადაც ოპოზიცია ცუდ მდგომარეობაში იმყოფება და შეშინებულია, სადაც სატელევიზიო არხები ხელისუფლების კონტროლქვეშაა მოქცეული“.

PACE-ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა კონსტანტინე კოსაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთს ქართველი ხალხის წარმატებები გულწრფელად გაუხარდება, რადგან მას „მეგობრად“ მიიჩნევს. კოსაჩევის თქმით, ახლა, როდესაც ყველა შეშფოთებას გამოთქვამს ლიბიის მოვლენებთან დაკავშირებით, „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეეცადა, ანალოგიურად მოქცეოდა საკუთარ ხალხს“ 2008 წლის აგვისტოში.

„კადაფისთან შედარებისას, იქნებ, ჩეჩნეთი გაიხსენოთ“, – უპასუხა მას დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა დებატებისას, „პოლიტიკურ პატიმრებზე [საუბრისას], იქნებ, ხადარკოვსკი გაიხსენოთ; რაც შეეხება მეგობრობაზე საუბარს – ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაც არის თქვენი მეგობრობა; თქვენი მეგობრობა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ასობით ათასი ქართველის გამოძევებაა“.

რეზოლუცია, რომელიც საქართველოს დელეგაციამ, ძირითადად, დადებითად შეაფასა, მიესალმება „პოლარიზაციისა და კონფრონტაციული გარემოს დაძლევისა“ და „ოპოზიციის როლის გაძლიერებისკენ“ მიმართულ ხელისუფლების ძალისხმევას.

 

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „ლაკმუსის ტესტი იქნება“. იგი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდნენ, რომელიც ყველა მონაწილე მხარის ნდობას დაიმსახურებს.

მიესალმება რა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც 2013 წლის ბოლოს შევა ძალაში, რეზოლუცია ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებს გადახედოს იმგვარად, რომ ამ პროცესში პარლამენტის უფლებამოსილება გაძლიერდეს; დოკუმენტი საბიუჯეტო საკითხებში პარლამენტის როლის გაზრდისკენაც მოუწოდებს.

რეზოლუცია შეშფოთებას გამოთქვამს „მართლმსაჯულების განხორციელების პრობლემებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა, კანონის თანაბრად გამოყენების პრინციპებს საფრთხე შეუქმნას“.

„ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას ამ პრობლემების მოგვარებას ურჩევს, ვინაიდან მოუგვარებლობამ შესაძლოა, ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირების სფეროში მიღწეულ პროგრესსა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას ძირი გამოუთხაროს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ნახსენებია, რომ არსებობს „მუდმივი ბრალდებები, რომელთა თანახმად, მაღალი დონის კორუფცია მთლიანად არ არის აღმოფხვრილი“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ბრალდებების გამოძიება „არცთუ ეფექტიანად და სისტემატურად ხდება“.

რეზოლუცია მიესალმა საქართველოს მთავრობის „პოლიტიკურ ნებას“, გადაჭრას ციხეების გადატვირთულობის პრობლემა და პატიმრების არასათანადო პირობები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პატიმართა რაოდენობის ზრდა „ძალიან მკაცრი, ხანდახან არაპროპორციული“ სასჯელებითაც არის განპირობებული, ისევე, როგორც დანაშაულთა შეკრებითობის პრინციპით.

რეზოლუცია მიესალმა პროკურატურის შესახებ კანონის ძალაში შესვლას, თუმცა აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, რომლებიც იუსტიციის მინისტრს მიენიჭა, მათ შორის, უფლება – პირადად აწარმოოს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთი მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ, როგორიცაა პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, ასევე, მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, უნდა გაუქმდეს.

რეზოლუცია „სინანულს“ გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველომ ჯერაც არ შეასრულა ვალდებულება და რეგიონულ და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიას ხელი არ მოაწერა. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს, დოკუმენტს „შემდგომი დაყოვნების გარეშე“ მოაწეროს ხელი და მისი რატიფიცირება მოახდინოს.

რეზოლუციამ შეშფოთება გამოხატა იმ „მეთოდის გამო, რა გზითაც ცოტა ხნის წინათ დევნილები გამოასახლეს თბილისში თავიანთი საცხოვრებლებიდან“. როდესაც დებატების დროს ეს საკითხი ერთ-ერთმა გამომსვლელმა წამოწია, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა მმართველი პარტიიდან ასე უპასუხა: „არ მინდა, რომ თქვენ, ძვირფასო კოლეგებო, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინოთ და განსახლების პროცესს „გამოსახლება“ ან „ხალხის ქუჩაში გაყრა“ უწოდოთ“.