საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. ”უპირველესად, მინდა შეგახსენოთ, რომ COVID-19 პანდემიის დაწყებისთანავე, ქართული საინფორმაციო –ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმი” მაქსიმალურ საინფორმაციო მხარდაჭერას უწევდა საქართველოს მთავრობას ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას დიდ დამსახურებას ამ საკითხში.
სამართლიანობისთვის, ასევე შეგახსენებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი ზოგიერთი რეკომენდაცია ყურად არ იღეს, თუმცა მოგვიანებით იძულებით განახორციელეს. მაგალითად, ზამთარში ჩვენ ვითხოვეთ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დახურვა ორი კვირით ადრე, სანამ მთავრობა ბოლოსდაბოლოს მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას, როცა ინფიცირებული ადამიანები უკვე გამოჩნდნენ ქვეყანაში, და ყველა მათგანი – უცხო ქვეყნებიდან.
ზაფხულში კი მთავრობას დაბეჯითებით ვურჩიეთ არ გაეხსნა საზღვრები და ტურისტული სეზონი, რადგან ეს მხოლოდ კორონავირუსის ახალ შემთხვევებს მოუტანდა საქართველოს და არა შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში. ქვეყნები - საქართველოში ტურისტების მთავარი მომწოდებლები - რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი - თავად არიან მოცული ეპიდემიით და თანაც, რომელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში სავალდებულო კარანტინის პირობებში?!
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც მართალი აღმოვჩნდით.
და ბოლოს: ზუსტად ორი კვირის წინ, 2020 წლის 27 აგვისტოს, ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ დაეწყო მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან რუსული „Sputnik-V“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად. შეგახსენებთ: ეს იყო პუბლიკაცია „ხელისუფლების ვერტიკალი, ანუ რისი მოსმენა სურთ მოქალაქეებს ქართველი ხალხისადმი ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მიმართვაში“.
რატომ რუსული ვაქცინა? მრავალი მიზეზის გამო, მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლი:
1. "Sputnik - V" არის მსოფლიოში პირველი ოფიციალურად რეგისტრირებული ვაქცინა, რომლისთვისაც უკვე დადგა გრძელი რიგი და რომელსაც გართულებები არ ახლავს.
2. მისი წარმოება და ვაქცინაცია რუსეთში უკვე დაწყებულია, რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელები და მათი ოჯახის წევრებიც უკვე აიცრნენ, ხოლო ამერიკული, გერმანული და ინგლისური ვაქცინები ჯერ მხოლოდ შემუშავების და ტესტირების ეტაპზეა.
3. რუსული ვაქცინის მოქმედების მექანიზმი მარტივია, ისევე როგორც ყველაფერი გენიალური, გარდა ამისა, ამერიკულისგან განსხვავებით, იგი მზადდება ადამიანის და არა მაიმუნის ვირუსზე. რუსებმა ყველას გაუსწრეს, რადგან დიდი ხანია მუშაობენ მონათესავე ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომლებიც საშინელ ეპიდემიებს იწვევს.
4. ის შემუშავებულია საპატიო აკადემიკოსის ნ. თ. გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ, რომლის მრავალი მიღწევა აღიარებულია და გამოიყენება მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ–ში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩვენ დაბეჯითებით ვთხოვთ საქართველოს მთავრობას:
- არ გაიხსნას ახალი სასწავლო წელი;
- დაიხუროს საზღვრები თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯასა და რუსეთთან და მაქსიმალურად შეიზღუდოს სატრანსპორტო მიმოსვლა პანდემიით მოცულ ყველა ქვეყანასთან;
- გადაიდოს საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემია არავისთვის გამონაკლისს არ აკეთებს, თანაბრად ასნეულებს ყველა ეროვნებისა და პარტიული კეთვნილების ადამიანს, მდიდარსა და ღარიბს, პროდასავლელსა და პრორუსს. მაშ, რას ნიშნავს მთავრობის უცნაური განცხადება - "დაწესებული შეზღუდვები არ ეხება საარჩევნო კამპანიას"?!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 11 სექტემბერი
საქართველო, თბილისი