სამართალი
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის შემთხვევების მატება ზაფხულში მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით აჭარაში

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება ზაფხულში მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით აჭარაში, სადაც თავშეყრის ადგილებში ელემენტარული რეკომენდაციები არ სრულდებოდა.

შემთხვევების ზრდა, რაც ახლა გვაქვს, პირდაპირ კავშირშია მობილობის ზრდასთან, როცა ადგილობრივ ტურიზმს მიეცა მეტი გასაქანი. ინფექცია ყველა ეტაპზე ქვეყანაში ცირკულირებდა სხვდასხვა ინტენსიობით და ეს ინტენსიობა ახლა გაზრდილია. პირველი, ეს ზაფხულში მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით აჭარაში, როდესაც ძალიან მაღალი იყო მობილობა და იმიტომაც დაიწყო ეს აჭარიდან. აჭარაში ძალიან დიდი მასა ადამიანებისა შეიკრიბა და გარდა ამისა, მოგეხსნებათ, იქ იყო ძალიან დიდი ლოკალური თავშეყრები სხვადასხვა კლუბში, სხვადასხვა გასართობ ადგილში, სადაც ელემენტარული რეკომენდაციები არ იყო დაცული. ეს საქართველოს აღმოჩენა არ არის, ყველგან ასე ხდებოდა. მწვანე იქნება თუ წითელი ქვეყნის სტატუსი, ეს არ არის მთავარი. მთავარია, ეს პროცესი ქვეყანაში, მართვადია. ქვეყანა და ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს კოორდინირებას უწევენ ამ პროცესებს, სერიოზულ გამოცდას გადის. გამოწვევაა ეს ჩვენი. პროგნოზირებადი იყო შემთხვევების ზრდა და იმასაც ვპროგნოზირებდით, რომ ეს ყველაფერი აჭარიდან დაიწყებოდა, იმიტომ რომ იქ იყო ამისი ნიშნები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სწავლის დაწყება მობილობის ზრდას გამოიწვევს. მისივე თქმით, აუცილებელია, ყველა სკოლაში კარგი სანიტარული პირობები არსებობდეს.

იგივე სერიოზული გამოცდა გველის, მობილობის დიდი ზრდა იქნება სწავლის დაწყებისას მომავალ კვირაში. რეკომენდაციები, რაც არის დღეს დადგენილი სწავლასთან დაკავშირებით, საკმარისია, თუ დავიცავთ. ყველა სკოლაში აუცილებლად კარგი სანიტარული პირობები უნდა იყოს, ბავშვებს ხშირად შეეძლოთ ხელების დაბანა. არ შეიძლება, სიცხიანი ბავშვი მშობელმა გაუშვას სკოლაში, ეს არის ერთ-ერთი მთავარი. არ შეიძლება, ბავშვს მშობელი შეყვეს შიგნით და იყოს ბევრი კონტაქტი მოზრდილებთან. მასწავლებელი, მანდატურები და თანამშრომლები, აუცილებელია, პირბადით იყვნენ. ასევე, აუცილებელია, მასწავლებლებმა საკუთარი ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი აწარმოონ და სკოლაში სიცხიანი არ მივიდნენ. ასევე უზრუნველყონ ეზობარიერების არსებობა, მაგიდებსა და მერხებს შორის დისტნაციის დაცვა. უნივერსიტეტებში აუცილებელია პირბადის ხმარება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.