აქტუალური
ევროკავშირში გამგზავრების მსურველთათვის საზღვრის კვეთის წესები მკაცრდება

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა 74 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონში ცვლილებები, რომელთა თანახმადაც საქართველოდან ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობის მსურველთათვის ქვეყნიდან გასვლის პირობები მკაცრდება.

ცვლილებები შეეხება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონის მეათე მუხლს, რომელიც ქვეყნიდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს ადგენს.

ახალი რეგულაციების თანახმად, რომლებიც ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა სურს, შესაძლოა საზღვრის კვეთა შეეზღუდოს, თუკი შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც არსებობს:

სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლებისთვის ცნობილია, რომ პირს ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა;

მოქალაქე არ წარადგენს:

ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც ევროკავშირის/შენგენის ზონის დატოვების შემდეგ არანაკლებ 3 თვეა;

უკან დასაბრუნებელ სამგზავრო ბილეთს ან ბილეთის ჯავშანს;

ევროკავშირში/შენგენის ზონაში მოქმედი სასტუმროს/საცხოვრებელი ადგილის ჯავშანს ან ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა საბუთს, ან ევროკავშირში/შენგენის ზონაში კანონიერად მცხოვრები პირის თანხმობას საცხოვრებელში განთავსებაზე, ისევე როგორც ინფორმაციას შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ;

ევროკავშირში/შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას/შესაბამის დოკუმენტს.

ასევე, ცვლილებათა მიხედვით, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველთა მიერ საზღვრის კვეთის პირობებსა და წესს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს. მასვე ევალება საზღვრის კვეთაზე უარის შემთხვევაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში/ზემდგომ თანამდებობის პირთან გასაჩივრების ვადებისა და წესის შემუშავება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სტრუქტურებმა არაერთხელ გააჟღერეს ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებმაც 2017 წლის მარტში ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ იჩინა თავი.

ევროკომისიის მიერ 10 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველომ მიიღო კონკრეტული ზომები შენგენის ზონაში უკანონო მიგრაციისა და დანაშაულის აღსაკვეთად, თუმცა კვლავ რჩება სწრაფი რეაგირების საჭიროება ისეთი გამოწვევების მიმართ, როგორებიცაა დაუსაბუთებელი თავშესაფრის განაცხადების მზარდი რაოდენობა.