სამართალი
საქართველო სუროგაციის შესახებ წესებს ამკაცრებს

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოს სუროგაციის წესში ცვლილებები შევიდა, რომელთა თანახმადაც, ექსტრაკორპორული, ანუ სუროგაციული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდის უფლება მხოლოდ იმ ჰეტეროსექსუალ წყვილებს ექნებათ, რომლებიც მინიმუმ ერთწლიან ქორწინებაში ან ფაქტობრვ თანაცხოვრებაში იმყოფებიან. მანამდე წყვილების თანაცხოვრების ვადა განსაზღვრული არ იყო.

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების მიხედვით, რომლებიც ძალაში სრულად 15 სექტემბრიდან შევა, წყვილები სუროგაციით სარგებლობამდე ვალდებულნი იქნებიან, რომ თანაცხოვრების ფაქტი ნოტარიუსის წინაშე შესაბამისი დოკუმენტებით დაადასტურონ.

ცვლილებების გამოქვეყნებას მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა, გამოითქვა შეშფოთება, რომ ინიციატივა მარტოხელა ქალებს „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით სარგებლობის შესაძლებლობას ართმევს.

27 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, იუსტიციის სამინისტრომ ტელეკომანია „მთავარი არხი“ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების გამო გააკრიტიკა და განმარტა, რომ ცვლილებები მხოლოდ სუროგაციას ეხება.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანია არ დაუშვას ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობის დანაშაულის ჩადენა, ამასთან „მოახდინოს პრევენცია იმისა, რომ საქართველოდან გაყვანილი სუროგაციით დაბადებული ბავშვი წამების, არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი არ გახდეს“. უწყებამ ცვლილებების აუცილებლობა სუროგაციის პროცესში ჩართული საქართველოს მოქალაქე ქალთა უფლებების დაცვის მოტივითაც ახსნა, რომელთა სერვისით მოსარგებლეთა 98% უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან.

უწყებისვე განცხადებით, „წყვილს, რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, ამ ბავშვის აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს. ის არ უნდა წარმოადგენდეს ფიქტიურ წყვილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი გაიყვანოს საქართველოდან დანაშაულებრივი მიზნებისათვის“.

სუროგაციის შესახებ კანონმდებლობა განსხვავებულია მსოფლიოში. საქართველო, რუსეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან ერთად, ევროპის ქვეყნების იმ მცირერიცხვოვანი ჩამონათვალშია, რომლებიც სუროგაციით სარგებლობის უფლებას საკუთართან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც აძლევენ. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, სუროგაცია საერთოდ აკრძალულია. დიდ ბრიტანეთში არაკომერციული სუროგაციაა დაშვებული, ისიც მხოლოდ საკუთარი მოქალაქეებისთვის. კომერციული სუროგაცია დაშვებულია აშშ-ის ზოგიერთ შტატში.