აქტუალური
ბიბილოვმა ცხინვალის „მთავრობა“ დაითხოვა

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონის „პარლამენტის სპიკერის“ ალან ტადტაევის ცნობით, რეგიონის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა 28 აგვისტოს ღამით მთავრობა დაითხოვა.

ადგილობრივი სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ბიბილოვის გადაწყვეტილება რეგიონის მკვიდრის ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოჰყვა. ჯაბიევი ოკუპირებული რეგიონის „შს მინისტრ“ იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობისთვის იყო დაკავებული.

ბიბილოვის გადაწყვეტილებას წინ რეგიონის „პრემიერ-მინისტრის“ ერიკ ფუხაევის გადადგომა უძღოდა.

არსებული ინფორმაციით, ჯაბიევი მიყენებული დაზიანებების შედეგად ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც იგი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაიყვანეს.

რეგიონის „პროკურატურის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. არსებული ცნობებით, ჯაბიევმა გონს მოსვლა ვეღარ შეძლო.

ჯაბიევის გარდაცვალებამ ცხინვალის მკვიდრების, მათ შორის, „დეპუტატებისა“ და „სხვადასხვა უწყების“ ხელმძღვანელების აღშფოთება გამოიწვია. მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიების, მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომისა და „პარლამენტის“ საგანგებო სხდომის მოთხოვნით, ისინი პარასკევს ქუჩაში გამოვიდნენ.

ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებს ბიბილოვმა მიმართა და მათ „შს მინისტრის“ გადაყენების შესახებ აუწყა. მანვე თქვა, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ბიბილოვმა დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის პირობა დადო.