სამართალი
სახელმწიფო მინისტრმა კელი დეგნანთან შეხვედრაზე ცხინვალსა და აფხაზეთში არსებული ვითარება განიხილა

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მათივე ცნობით, პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანადგომასთან ერთად, აღინიშნა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისკენ, ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

თეა ახვლედიანმა ასევე მადლიერება გამოხატა პანდემიის დროს აშშ-ის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის გაწეული დახმარების გამო.

მხარეებმა ვრცლად და დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის გამო. სახელმწიფო მინისტრმა ელჩის ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ამჟამად უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

თეა ახვლედიანმა, ასევე, ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის და გამყოფი ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის წახალისების გზით, განათლების შესაძლებლობების განვითარებასა და სხვადასხვა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო მოვლენები მიზნად ისახავს იქ მცხოვრები მოსახლეობის სრულ ხელოვნურ იზოლაციას, ხალხთაშორისი დიალოგის აღკვეთასა და ამ კუთხით არსებული მზარდი ინტერესის დაკნინებას. სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სამშვიდობო პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას, უკანონო ქმედებების აღკვეთისა და ხელოვნური დაბრკოლებების დაძლევის მიზნით. აშშ-ის ელჩმა დადებითად შეაფასა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და ამ პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთან, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის, ამ მიმართულებით არსებული სტრატეგიული მიზნებისა და მიღწეული პროგრესის თაობაზე. საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების განათლებაზე ხელმისაწვდომობის, სახელმწიფო ენის სწავლების, ასევე სამოქალაქო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში მათი ჩართულობის საკითხებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მინისტრის აპარატის ცნობით, მხარეები მიესალმნენ სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და აშშ-ის საელჩოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე სიღრმისეულად განვიხილეთ, როგორც საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, შერიგების პოლიტიკის, ასევე ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სტრატეგიის პრიორიტეტები. უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ კონტექსტში ჩვენ განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში და გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანების უფლებების მდგომარეობა. ხაზგასმით გაკეთდა აქცენტი ბოლო პერიოდის ბორდერიზაციასთან და ადამიანების უკანონოდ გატაცებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე და დაისვა საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

თავის მხრივ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მინისტრთან შეხვედრას საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად.

მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. იგი ნამდვილად შესაფერისია ამ ძალიან დიდი გამოწვევების მქონე პოზიციისთვის. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა გზა იმისა, თუ როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი და საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა საზოგადოების ინტეგრაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობისა და კავშირების აღდგენის პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად, ასევე მხარდაჭერას უცხადებს შერიგების მშვიდობიან პროცესს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.