აქტუალური
პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი ლოგიკური იქნებოდა - რომან გოცირიძე

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება ცალკე. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სააკაშვილი ლოგიკური იქნებოდა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დაასახელებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სექტემბერში მიხეილ სააკაშვილს.

გოცირიძის თქმით, უახლოეს დღეებში პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, დაასახელონ თუ არა ჩრდილოვანი კაბინეტი.

ჩვენ ერთხელ უკვე ვიმსჯელეთ პოლიტსაბჭოზე, არჩევნებში გავდიოდით თუ არა ჩრდილოვანი კაბინეტით და ბუნებრივია, კაბინეტი არ არსებობს პრემიერ-მინისტრის გარეშე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხს კვლავ დავუბრუნდებოდით. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ბუნებრივია, გვეყოლებოდა ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რაც ნორმალურია და არის ევროპული სტანდარტი ყველა პარტიისთვის, რომ აჩვენოს თავისი სახე. ამიტომ უახლოეს დღეებში იქნება უკვე ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, მათ შორის, პესონალური ანუ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სახით. შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობა ემხრობოდა ჩრდილოვანი კაბინეტის დასახელების იდეას, მაგრამ საჭიროა საბოლოო გადაწყვეტილების სახით დადასტურება. კონკრეტულ თარიღს, თუ როდის გახდება გადაწყვეტილება ცნობილი, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება მაშინ, როცა იქნება უფრო მიზანშეწონილი და მოსახერხებელი კამპანიის მუხტის აწევისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად შეკითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არაფერი ამ კუთხით გამორიცხული არ არის, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ლოგიკური იქნებოდა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება ცალკე. ცალკე იქნება მსჯელობა როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, ასევე ჩრდილოვანი კაბინეტის გამოცხადების თარიღზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.