უცხოეთი
რუსეთის შსს ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს. მედიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ციმბირის დეპარტამენტის სატრანსპორტო განყოფილებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ იმ სასტუმროს ნომრის ინსპექტირება განახორციელეს, სადაც ნავალნი ტომსკში ყოფნის დროს რჩებოდა. მათივე ცნობით, სასტუმროს ნომერში არანაირი ნარკოტიკები ან სხვა ძლიერი ნივთიერებები არ აღმოუჩენიათ. აღსანიშნავია, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ რუსეთს ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ამ საქმის მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიება რუსეთის ინტერესებშია.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი კომაში იმყოფება და მას მკურნალობა ბერლინის საავადმყოფოში უტარდება.

interpressnews.ge