სამართალი
ცხინვალის „პრეზიდენტი“ რუსეთთან „საზღვრის“ გაუქმებაზე საუბრობს

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებიდან 12 წლისთავზე, ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან „ინტეგრაციის უდიდეს შესაძლებლობასა“ და „საზღვრის“ გაუქმებაზე საუბრობს.

წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, ბიბილოვმა რუსეთთან კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მიმართ მისი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და დასძინა, რომ „თუკი ამ დრომდე ორ ქვეყანას შორის საზღვარის გაუქმებისთვის საჭირო პირობები ვერ შეიქმნა, ის რუკაზე პირობით საზღვრად უნდა გადაიქცეს, რათა ინტეგრაციის მაქსიმალურად შესაძლო ეტაპის მიღწევაში ხელოვნური ბარიერები არ შექმნას“.

ბიბილოვამა იმავე შინაარსის გზავნილები გააჟღერა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ელჩთან, მარატ კულახმეტოვთან 25 აგვისტოს შეხვედრისას. „სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის მიმართულებით განვითარების ვექტორის ერთგული რჩება“, – თქვა მან.

თავის მხრივ, ცხინვალში „ერთობლივი სამშვიდობო ძალების“ ყოფილი მეთაური, მარატ კულახმეტოვი ყველა მიმართულებით „რესპუბლიკის“ პროგრესულ განვითარებას მიესალმა და ბიბილოვის მხრიდან „რუსეთთან დაახლოების“ მხარდაჭერის გამო კმაყოფილება გამოხატა. „რუსეთის ფედერაცია მხარს დაუჭერს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, საერთაშორისო პლატფორმებზე მის განვითარებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების უზრუნველყოფას“, – თქვა კულახმეტოვმა.

თარიღთან დაკავშირებით რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბაბიჩმა ბიბილოვს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნა: „ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ განვაგრძობთ კონსტრუქციული ორმხრივი ურთიერთობების [რუსეთ-სამხრეთ ოსეთის] განვითარებას ყველა მიმართულებით, ასევე ერთობლივ სარგებელზე დაფუძნებული ინტეგრაციის პროცესს“.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში აღიარა. რუსეთთან ერთად ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ სირია, ვენესუელა, ნაურუ და და ნიკარაგუა. თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი ორი რეგიონის დამოუკიდებლობას არ ცნობს და მათ საქართველოს ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევენ.