საზოგადოება
სამხრეთ ოსეთის ხალხი საკუთარ მომავალს მხოლოდ რუსეთთან ერთად ხედავს - ანატოლი ბიბილოვი

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ხალხი საკუთარ მომავალს მხოლოდ რუსეთთან ერთად ხედავს, - ამის შესახებ ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

ე.წ. პრეზიდენტის თქმით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიერ განხორციელებული „თავდასხმის“ შემდეგ, მოსახლეობა დიდ მოლოდინში ცხოვრობდა, გადადგამდა თუ არა რუსეთი ისეთ ნაბიჯს, რომელიც „საქართველოს ახალ ავანტიურამდე საიმედო ბარიერს შექმნიდა“.

2008 წლის 8 აგვისტოს ღამით საქართველოს მიერ განხორციელებული თავდასხმისა და ომის საშინელი დღეების შემდეგ ჩვენი გაუტეხელი ხალხი დიდ მოლოდინში ცხოვრობდა: გადაიდგმებოდა თუ არა გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ახალ სამხედრო ავანტიურამდე საიმედო ბარიერს შექმნიდა. პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადება, რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, ნამდვილ საერთო ეროვნულ დღესასწაულად იქცა“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

შეგახსენებთ, ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ გამოცხადების წლისთავს აღნიშნავენ. რუსეთმა საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.