პოლიტიკა
ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ გიორგი ლომიასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.

მინდა, სააკაშვილს და ბოკერიას მივმართო – თქვენ გაცოფებული ხართ, იმიტომ რომ მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ და აქედან ჩანს, რაც ძალიან კარგად იცით, ოთხ- ნახევარ პროცენტზე ნაკლებია მათი რეიტინგი, ამიტომ არიან გაცოფებული სააკაშვილი და ბოკერია. იმიტომ ხართ გაცოფებული და ასეთ ბინძურ თავდასხმებს იმიტომ აწყობთ ჩვენს წინააღმდეგ, ეს ხომ თქვენი დაკვეთაა ამ ტელევიზიების მიმართ, რომ ჩვენ, მე და გიორგი ლომია ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში. გაცოფებული ხართ იმიტომ, რომ თქვენ კოდორი, აფხაზეთი და ჩვენი მიწები ჩააბარეთ, ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით და სიკეთე გვინდა, ამ სიკეთის ნაპერწკალი რომ ღვივდება, სწორედ ამიტომ ივსება შურით სააკაშვილისა და ბოკერიას გული. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი საჯარო პოლიტიკაზე, არაფერი დასამალი არ გვაქვს, ვისთან ვთანამშრომლობთ, როგორ ვთანამშრომლობთ და რა ფარგლებში, ამაზე ახლაც ვილაპარაკე და კიდევ ვილაპარაკებთ მომავალში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი რუსული საინფორმაციო სააგენტო „დოსიეს“ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, სადაც კრემლის მიერ მათი პარტიის წინასაარჩევნო პიარკამპანიის დაფინანსებაზეა საუბარი.

ინაშვილის თქმით, არ შეიძლება სააგენტოს მიერ გამოტანილი დასკვნები ფაქტებად განიხილებოდეს.

მისი განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსს“ კონსულატაციებს ოთხი ამერიკული, ორი ებრაული და მხოლოდ ერთი რუსული კომპანია უწევს.

ირმა ინაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მათ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უკავშირებს და აცხადებს, რომ ამის მიზეზი მათი პარტიის მზარდი, ხოლო ოპონენტების მცირე რეიტინგია.