უცხოეთი
პირველი ქვეყანა, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას მიიღებს, ბელარუსი იქნება

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. მოხალისეები ბელარუსიდან მონაწილეობას მიიღებენ რუსეთში დამზადებული ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპში.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს ტელეფონით ისაუბრეს, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

„განიხილეს სიტუაცია ქვეყნის შიგნით და გარეთა კონტურზე, განსაკუთრებით დასავლეთის მიმართულებით“, - დაზუსტებულია Telegram-არხის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა იმსჯელეს კორონავირუსის თემაზეც და შეთანხმდნენ, რომ მოხალისეები ბელარუსიდან მონაწილეობას მიიღებენ რუსეთში დამზადებული ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპში.

გარდა ამისა, ბელარუსი პირველი ქვეყანა გახდება, რომელსაც ახალი ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატი მიეწოდება, ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა. მისი სახელწოდებაა Спутник-V.

როგორც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში აღნიშნეს, ფონდმა ვაქცინის მილიარდი დოზის შეძენაზე განაცხადი 20 ქვეყნიდან მიიღო. ამასთან დასძინეს, რომ რუსეთი ვაქცინის დამზადებაზე მოელაპარაკა ხუთ ქვეყანას, რომელთაც წელიწადში 500 მილიონი დოზის დამზადება შეუძლიათ.

ბოლო კვირების განმავლობაში პრეზიდენტებმა ტელეფონით რამდენჯერმე ისაუბრეს. ბოლო საუბარი 19 აგვისტოს შედგა და ითქვა, რომ ისინი ათანხმებენ თავიანთ ნაბიჯებს საკავშირო ხელშეკრულებების, მათ შორის, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში. ლუკაშენკომ რუსეთის ლიდერს მიმართა თხოვნით, გადაეცა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისთვის მისი თხოვნა, არ ჩარეულიყო ბელარუსის საქმეებში.

sputnik-georgia.com