რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ბელარუსის შემდეგ, ხელისუფლების შეცვლის მცდელობები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს მოედება

     „ბელარუსის კვალდაკვალ მთავრობის შეცვლის მცდელობები განხორციელდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ყველა ქვეყანაში და საქართველოში. ისინი გაგრძელდება, სანამ ევრაზიული კავშირი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არ გაიზიარებენ საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების ბედს და ამ ქვეყნებში დასავლეთის მიერ მთლიანად კონტროლირებადი მარიონეტული რეჟიმები არ დამყარდება. დრამატულ მოვლენათა ფინალი რუსეთის ფედერაციაში შედგება“, — აცხადებს პოლიტოლოგი არნო ხიდირბეგიშვილი:

— ბელარუსი, რომელიც ყველას სტაბილურობისა და კეთილდღეობის მაგალითად მოჰყავდა, წარსულს ჩაბარდა, საზოგადოებაში გაჩნდა ბზარი. ლუკაშენკომ გაიმეორა შევარდნაძისა და იანუკოვიჩის შეცდომა — საშუალება მისცა გარკვეულ დასავლურ წრეებს ხელი ეფათურებინათ საშინაო საქმეებში, რომლებიც არ მოისვენებენ, სანამ საზოგადოებას ბოლომდე არ გახლეჩენ. აკი, მათ ეს უკვე გააკეთეს საქართველოსა და უკრაინაში!

— ვის აწყობს დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ორ ცენტრალურ სახელმწიფოში?

— აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში აღმოსავლეთ ევროპის კურატორები ორი იმ მიზნისკენ ისწრაფვიან, რომელსაც ჯერ კიდევ მათ მამა-პაპა მისდევდა — პოსტსაბჭოთა სივრცის სრული და ყოვლისმომცველი დეზინტეგრაცია.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაფერი ზედაპირზეა: რუსული გაზი ევროპაში მიდის უკრაინისა და ბელარუსის გავლით. უკრაინა დაიქვემდებარეს, ახლა ბელარუსს მიადგნენ, ხოლო თითქმის დასრულებული მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ სანქციებითაა დაბლოკილი. არასტაბილური პოლიტიკური ვითარების შედეგად ენერგომომარაგების სტაბილურობას საფრთხე ემუქრება, ამიტომ რუსეთი, როგორც გამყიდველი, უკრაინა და ბელარუსი, როგორც სატრანზიტო ქვეყნები, და ევროპა, როგორც მყიდველი, დიდ ზარალს განიცდიან. ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ იძულებული იქნება, შეიძინოს, ანდა დამატებით შეიძინოს ძვირადღირებული ამერიკული გაზი. გარდა ამისა, სტალინის მიერ შექმნილი და დღემდე მოქმედი სქემის მიხედვით, რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი ბევრად უფრო მეტად იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე ყველა სხვა საბჭოთა რესპუბლიკა. ეს იყო ერთიანი ეკონომიკური კომპლექსი, რომელიც აწარმოებდა მძიმე (მათ შორის, თავდაცვის` ინდუსტრიის სტრატეგიულ პროდუქტს, რაც ძალზე აშფოთებდა დასავლელ კონკურენტებს. სწორედ ამიტომ შეეცადნენ ამ სამმხრივი კავშირის ლიკვიდაციას და თითქმის მიაღწიეს მიზანს.

— მეორე ფრონტზე ყოფილი მოკავშირეების უზარმაზარი ძალისხმევის მიუხედავად, სსრკ-ის მთლიანად განადგურება მაინც ვერ მოხერხდა — მის ადგილას ჯერ დსთ შეიქმნა, შემდეგ კი — ევრაზიული ეკონომიკური კავშირი...

— თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ყოველი მომდევნო კავშირი წინაზე უფრო მცირე იყო. რუსეთს თანდათანობით ჩამოაჭრეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ჯერ — ლატვია, ლიტვა და ესტონეთი, შემდეგ — საქართველო, აზერბაიჯანი და უკრაინა, ახლა სურთ წაგლიჯონ ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი, რათა რუსეთი დაიტოვონ „დესერტად“, მოკავშირეთა გარეშე! დასასრულ შეეცდებიან მის „აფეთქებასაც“, მაგრამ ამისათვის ჯერ უნდა განადგურდეს ყოფილ თანამემამულეთა მენტალიტეტი — ხალხთა მეგობრობა! აკი, ამის მცდელობა არაერთხელ ყოფილა — ჯერ ბალტიისპირელები დაარწმუნეს, რომ რუსები მტრები იყვნენ, შემდეგ მტრებად აქციეს სომხები და აზერბაიჯანელები, შემდეგ იგივე ჩაუნერგეს ქართველებსა და უკრაინელებს, ახლა კი რუს ხალხს მტრულად განაწყობენ მონათესავე ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ. ის, რომ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ბელარუსული ოპოზიცია ვითომდა მზადაა რუსეთთან კონტაქტისთვის, სიცრუეა, ზუსტად იმავეს ეუბნებოდა სააკაშვილის ოპოზიცია 2003 წელს თბილისში ჩამოსულ იგორ ივანოვს, მაგრამ შევარდნაძემ უარი თქვა გარდამავალ პერიოდზე და მაშინვე დათმო ძალაუფლება!

— თქვენ თქვით, რომ ლუკაშენკომ გაიმეორა შევარდნაძის შეცდომა — დასავლეთის გარკვეულ წრეებს მისცა საშუალება, ხელი ეფათურებინათ საშინაო საქმეებში...

— ბოლო დრომდე ბელარუსი ყოველმხრივ წარმატებული და სტაბილური სახელმწიფოს მაგალითად მოჰყავდათ — საქართველოს მოქალაქეები შენატროდნენ ბელარუსებს და უცებ ერთ წამში ყველაფერი შეიცვალა?! ასე არ ხდება! ესე იგი, იყო პრობლემები, რასაც ვერ ხედავდა ან არ აღიარებდა ლუკაშენკოს ხელისუფლება. მაგალითად, საქართველოში, „ფერადი რევოლუციის“ კატალიზატორი სოციალური პრობლემები იყო — არამზადების ხროვა ფულში ბანაობდა, ხოლო მოსახლეობა — შიმშილსა და სიდუხჭირეში.

არანაკლებ სერიოზულია მეორე მიზეზიც: ლუკაშენკომ, შევარდნაძის მსგავსად, თავისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში, თვითგადარჩენის მიზნით, დასავლეთთან მეგობრობითა და ერთდროულად რუსეთის კრიტიკით მეტად გადაამლაშა. განა ლუკაშენკო არ იყო, არეულობამდე რამდენიმე დღით ადრე რომ განაცხადა, ამიერიდან ბელარუსს რუსეთთან პარტნიორული და არა ძმური ურთიერთობები აკავშირებსო?! განა მან ზელენსკისთან ერთად არ მოაწყო ცირკი ბელარუსში ვითომდა ხელისუფლების დასამხობად ჩასული რუსი მებრძოლების სპეცდაკავებით?! და განა საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში ლუკაშენკომ არ განაცხადა, რომ ამაში დასავლეთისა და რუსეთის ხელი ურევია?!

— და მერე რა?! დაეხმარა ლუკაშენკოს ეს ფარისევლობა?!

— არა, დასავლეთმა მას უგანა ისევე, როგორც შევარდნაძეს 2003 წელს! და ლუკაშენკოს ბოდიშის მოხდა მოუწია პუტინთან, როგორც ცოტა ხნის წინათ ერდოღანს, რომელმაც რუსი მფრინავები ჩამოაგდო, ხოლო პუტინმა იგი სიკვდილისგან იხსნა და პრეზიდენტად დატოვა, როცა ტელეფონით გააფრთხილა, რომ პუტჩისტები უკვე მისკენ მიექანებიან! სწორედ ამ „ორ ნაპრალში“ — მოსახლეობის რეალურ სოციალურ პრობლემებსა და ქსენოფობიაში, ტენის დასავლეთი თავის ძალაყინს, ხოლო რუსოფობია სხვა არაფერია, თუ არა დასავლეთის მიერ წახალისებული ნეონაციზმი!

— სხვათაშორის, იმ დროს, როდესაც საქართველო სააკაშვილის უღელ ქვეშ გმინავდა, ლუკაშენკო მას ხვდებოდა და ერთობლივ პრესკონფერენციებზე რუსეთსაც აკრიტიკებდა!

— ამიტომაც არ მეცოდება ლუკაშენკო. ის არ ჩარეულა, როდესაც ქართველები აქ ერთმანეთს ხოცავდნენ, არ ჩარეულა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი მოსახლეობას აწამებდა, დღეს კი უცებ აღმოჩნდა, რომ მან მხოლოდ იმიტომ არ ცნო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომ ამისათვის მედვედევს საკმარისი ფული ვერ წაჰგლიჯა! ამდენად, ჩემთვის არავითარი განსხვავება არ არსებობს პოროშენკოს, ლუკაშენკოსა და ზელენსკის შორის, ყველა მათგანი ერთმანეთს ჰგავს, ყველა ეფერებოდა სააკაშვილს და აინუნში არ ჩაუგდია ქართველი ხალხი!

ლუკაშენო, ერდოღანი, ზელენსკი და მათნაირები არ ითვალისწინებენ იმას, რომ, რაც უფრო ღრმაა ჭა, რომელშიც აფურთხებ, მით უფრო ძნელია ამ ფურთხის ამოწმენდა, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო დიდია გაუცხოება, მით უფრო გრანდიოზული ხდება ბოდიში! მე არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მალე მოუწიოს პუტინისთვის დახმარების თხოვნა! გაიხსენეთ — შევარდნაძემ გააერთიანა გერმანია, დაშალა სსრკ და ვარშავის პაქტი, მაგრამ დასავლეთმა მაინც არ დაუთმო მას პატარა საქართველოც კი და მის სამშობლოში სახელმწიფო გადატრალება მოაწყო.

— ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაშლა, რუსეთის დასუსტება და პოსტსაბჭოთა სივრცის დატოვება ლიდერის გარეშე — ეს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ რა კავშირი აქვს ამას საქართველოსთან?

— საქართველო არ არის გაერთიანებული რუსეთთან არცერთ კავშირში ჩრდილოელი მეზობელი ღრმად არის ინტეგრირებული საქართველოს ეკონომიკაში, ხოლო საქართველო — რუსული ბაზრის არეალში ექსპორტის საშუალებით. რუსეთი ლიდერია გზავნილებისა და ტურისტების რაოდენობითაც — პანდემიის წინ საქართველოს წლიურად სტუმრობდა იმდენი რუსი, რომელთა ოდენობაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარს უტოლდება. რუსეთი საქართველოს ოთხი მეზობლიდან ერთ-ერთია და ამ ფაქტის უგულებელყოფა არ შეიძლება ისევე, როგორც ვერც იმ ისტორიულ რეალობას ავუვლით გვერდს, რომ საქართველო ან აღმოსავლელი დამპყრობლების ქუსლის ქვეშ ან რუსეთთან იმყოფებოდა! დაუბრუნებს კი თურქეთი საქართველოს მის უძველეს ტერიტორიებს? ვფიქრობ, იგი აჭარას უფრო მიიტაცებს, ხოლო რუსეთთან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების განხილვა მოუწევს.

— 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ დასავლეთის, ჩრდილოენთისა და სამხრეთის ფრონტებზე?

— არჩევნების შედეგები დღესავით ნათელია. ამომრჩეველთა უმრავლესობას სააკაშვილის, ბოკერიას, ნათელაშვილისა და ბურჯანაძის, დანახვაზე აჟრიალებს, მაგრამ დასავლეთისგან არსებობს მითითება — რომ მომდევნო პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, ხოლო მთავრობა — კოალიციური, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში ბელარუსული სცენარი განმეორდება!

დღეს დასავლეთმა ოპოზიციას კვლავ მისცა საბედისწერო ძალაყინი — საქართველოს მოსახლეობის არასახარბიელო სოციალურ მდგომარეობაში შესაკვეხებლად. დიახ, „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვების შემდეგ ჩვენი დასავლელი „მეგობრები“ კვლავ გამოიყვანენ უკმაყოფილოებს რუსთაველის გამზირზე, როგორც მინსკში დაგეშეს ათასები. ამაზრზენ ოპოზიციაზე გამარჯვება ძნელი არ არის, მაგრამ რას უნდა ველოდეთ ამ გამარჯვების შემდეგ?! ასე რომ, ჩვენი ხელისუფლება აუცილებლად დადგება ისტორიული არჩევანის წინაშე — დახმარებისთვის პუტინს მიმართოს თუ იანუკოვიჩის ბედი გაიზიაროს!

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
2020 წლის 24 აგვისტო
„ასავალ - დასავალი“ №35