აქტუალური
უკრაინის თავდაცვის მინისტრი თბილისს სტუმრობს

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა და მის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

შეთანხმებები, რომელთაც ჩვენ მივაღწიეთ, ჩვენი ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას დაეხმარება, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ოპერატიულ და საბრძოლო შესაძლებლობებს გაზრდის“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – სტრატეგიული კომუნიკაცია, კიბერთავდაცვა, სამხედრო-ტექნიკური სფერო, სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობა და შეიარაღებულ ძალებში ნატოს სტანდარტების დანერგვა.

ამავე ინფორმაციით, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის რეფორმის განხორციელების პერსპექტივებზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას რუსეთის აგრესიის ფონზე შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციაში ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.

უკრაინისა და საქართველოს ერთ-ერთი საერთო გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საკუთარი ტერიტორიების რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებაა“, – განაცხადა მინისტრმა ტარანმა. „ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაა“.