სამართალი
ჯანდაცვის სამინისტრო - გარკვეული პარტიები ბავშვიანი ოჯახებისთვის 200-ლარიანი დახმარების პოლიტიზებას ცდილობენ

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ჯანდაცვის სამინისტრო, რიგი ფიზიკური პირებისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ 0-17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი სახელმწიფო დახმარების პროგრამის, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტს ეხმაურება.

ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინრეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან, სახელმწიფო პროგრამის საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზეც საუბრობს.

ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, ამ პროცესის პოლიტიზებას, ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზირება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“, – აღნიშნავს ბარკალაია.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან კომპიუტერთან, მას შეუძლია, მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. მათთვის დახმარების გაწევა სრულიად უფასოდ მოხდება.