პოლიტიკა
NDI - საჭიროა, პოლიტიკური ნება, რათა საარჩევნო რეფორმები დემოკრატიულ არჩევნებში აისახოს

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გლობალური პანდემიისა და საარჩევნო რეფორმების ფონზე ახლოვდება, რაც, როგორც NDI -ში აცხადებენ, სავარაუდოდ, როგორც საარჩევნო კამპანიებზე და პროცედურებზე, ასევე ამომრჩევლების ქცევასა და მომავალი პარლამენტის შემადგენლობაზეც იქონიებს გავლენას.

NDI-ის პრეზიდენტის, დერეკ მიტჩელის განცხადებით, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში მყარი საფუძველი არსებობს.

თუმცა, შემდგომი რეფორმების გარეშე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ”, -განაცხადა დერეკ მიტჩელმა.

NDI აქვეყნებს ანგარიშს (Georgia Election Watch), რომელიც 2020 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდში, პრეზიდენტ მიტჩელის ხელმძღვანელობით NDI-ის დელეგაციის მიერ ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუების ანალიზია. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საჭიროა, პოლიტიკური ნება, რათა საარჩევნო რეფორმები დემოკრატიულ არჩევნებში აისახოს.

ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია; საარჩევნო გარემო; მედიის როლი და დეზინფორმაცია; გენდერი და ინკლუზიურობა; და კორონავირუსის ზეგავლენა. NDI-ის დელეგაცია მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დიმპლოტიური მისიების წარმომადგენლებს ესაუბრა. ანგარიში ასევე ითვალისწინებს ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას.

ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებლობის თითქმის 30 წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ მას სანდო არჩევნების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია. ასევე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად და გზა გაუხსნა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ წლევანდელი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. თუმცა, არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს. პრობლემატურ საკითხებს შორისაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროვება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გამოტოვება, საინფორმაციო გარემოს დაბინძურება. თავის მხრივ, ეს ფაქტორები საქართველოს გარე ჩარევების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის“, - აღნიშნავენ NDI-ში.

დერეკ მიტჩელის განცხადებით, მიმდინარე წელს საარჩევნო რეფორმის გატარებითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მიღწეული წარმატებებით ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, ერთმანეთში არსებული განსხვავებების დაძლევა შეუძლიათ.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ლიდერებმა და მონაწილე მხარეებმა მსგავსი სიმტკიცე გამოიჩინონ და სამართლიანი, გამჭვირვალე და ინკლუზიური არჩევნები ჩაატარონ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოხატავს”,- განაცხადა მიტჩელმა.

NDI-ის ანგარიში საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად 30 რეკომენდაციას გასცემს. მათ შორის: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და არჩევნებთან დაკავშირებულმა სხვა სამთავრობო უწყებებმა მაქსიმალურად დროულად და მიუკერძოებლად უნდა აღასრულონ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა კანონი და რეგულაცია.

ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი საქმიანობა არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად, ყოველგვარი ჩარევისა და დაშინების გარეშე წარმართონ.

პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მოქალაქეების საჭიროებებზე და გადაჭრის გზებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროგრამები უნდა შეიმუშაონ. კამპანიის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიათაშორის თანამშრომლობას ან პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას შეამცირებს.

პარტიებმა ინკლუზიური და მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები უნდა შეიმუშაონ, სადაც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის (ქალების, ლგბტქი ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების ჩათვლით) მნიშვნელოვანი თემებიც იქნება ასახული. პარტიებმა ისინი, ასევე, უნდა ჩართონ თავიანთ შიდა პროცესებში და წარადგინონ კანდიდატებად. პარტიებმა და კანდიდატებმა თანასწორობის იდეის მხარდამჭერი და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები უნდა აკეთონ.

მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ლეგიტიმური უფლებები მთავრობის ჩარევისა და შევიწროების გარეშე განახორციელონ. ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მუქარისგან ან ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შესაძლოა მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად იქნას აღქმული. მათ შორის იგულისხმება: მედიასაშუალების მფლობელების მიმართ დევნა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველების“ დანიშვნა.

ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ფეისბუქმა, იუთუბმა და სხვა ონლაინ პლატფორმებმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნდა ითანამშრომლონ. ფეისბუქმა დროულად უნდა უპასუხოს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წამოჭრილ საკითხებს, რაც კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებებს უკავშირდება; ასევე აღკვეთოს მიკროტარგეტირება და გააუმჯობესოს ფაქტების გადამოწმების აღმნიშვნელი იარლიყების სისტემა.

NDI-ს წინასაარჩევნო პერიოდში გრძელვადიანი ანალიტიკოსები ეყოლება, რომლებიც ამ ანგარიშში წარმოჩენილ ძირითად თემებს მთელი საარჩევნო პროცესის მანძილზე სიღრმისეულად შეისწავლიან. ამას გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში NDI-მ, შესაძლოა, დამატებითი ანალიზი და რეკომენდაციებიც გამოსცეს. არჩევნების შემდეგ NDI საარჩევნო პროცესების შემაჯამებელ ანგარიშს გამოაქვეყნებს.