აქტუალური
პანდემიამ პრობლემები შექმნა – კალაძე თბილისის ბიუჯეტის ცვლილებაზე

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. დედაქალაქის მერიამ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მერის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენების გამო, წინა წლის ბიუჯეტისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.

2020 წლის პროექტის თანახმად, დედაქალაქის ბიუჯეტის ასიგნებები განსაზღვრული იყო 1 239 მილიონი ლარით, საიდანაც 980 მილიონზე მეტი თვითონ თბილისის ფული იყო.

თუ გადავხედავთ, როგორ იზრდებოდა დედაქალაქის ბიუჯეტი 2017 წლიდან მოყოლებული, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის პროექტების განხორციელების საშუალება გვეძლეოდა, მაგრამ, პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა როგორც ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში. გულდასაწყვეტია, რომ შეიძლება მომდევნო წლის ბიუჯეტი, ტრანსფერებით და დახმარებებითაც კი, ვერ იყოს ისეთი, როგორიც, მაგალითად, 2020 წლის ბიუჯეტი იყო“, – განაცხადა კალაძემ.

ქალაქის თავმა ყურადღება ასევე გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც წელს იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიის გამო მათი გადატანა გახდა საჭირო. საუბარია ისეთი დიდი გამზირების აღდგენით სამუშაოებზე, როგორიცაა წერეთლისა და ვაჟა–ფშაველას გამზირები, ბაგები–საბურთალოს ხიდის პროექტი და სხვ.