აქტუალური
ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით გაიზარდა

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.2 მლნ აშშ დოლარი (68.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივლისის (19.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.6%-ით მეტია.