აქტუალური
პოლიტიკური რეიტინგები და საგარეო პოლიტიკურის კურსი IRI-ის კვლევაში

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) 12 აგვისტოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების და ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებით მოქალაქეების დამოკიდებულებებსაც ასახავს.

რესპონდენტების 38% ფიქრობს, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი გასული წლის ოქტომბრის მონაცემთან შედარებით, 16 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 53%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (2019 წლის ოქტომბერი – 68%), 9%-მა კი – არ იცის, ან უარია პასუხზე.

გამოკითხულების 65% ქვეყნის მართვის საუკეთესო გზად დემოკრატიული მმართველობის ფორმას მიიჩნევს. 17% მართვის სხვა ისეთ ფორმებზე, მიუთითებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უფრო შესაფერისი იქნებოდა, 6%-ის მოსაზრებით – მართვის დემოკრატიულზე უკეთესი ფორმებიც არსებობს. 11%-მა არ იცის ან უარია პასუხზე.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2020 წლის 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩატარდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გარდა), საარჩევნო უფლების მქონე 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.

კითხვაზე – „ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მხარს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდი?“ – 33% ამბობს, რომ ქართულ ოცნებას (2019 წლის ოქტომბერი – 23%), 16% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას (2019 წლის ოქტომებრი – 15%), 5% ევროპულ საქართველოს (2019 წლის ოქტომბერი – 7%), 3-3% სტრატეგია აღმაშენებელს და პატრიოტთა ალიანსს. გამოკითხულების 2-2%-იანი მხარდაჭერა აქვთ – ლეიბორისტულ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას (ალეკო ელისაშვილი), ლელო საქართველოსთვის და გირჩს. რესპონდენტების 1% ამბობს, რომ მხარს ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას დაუჭერდა. 1%-იანი მხარდაჭერა აქვს ირაკლი ოქრუაშვილის გამარჯვებულ საქართველოსაც.

აგრეთვე, ამავე კითხვაზე, გამოკითხულების 1% პასუხობს, რომ მხარს არცერთ პარტიას დაუჭერდა, 17%-მა არ იცის, 11%-კი უარს ამბობს პასუხზე.

კვლევის შედეგების თანახმად, უარყოფითი რეიტინგების სათავეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. გამოკითხულების 29% ამბობს, რომ ამ პარტიას მხარს არავითარ შემთხვევაში დაუჭერდა. 25%-ით მას ქართული ოცნება, 16%-ით გირჩი, 12%-ით პატრიოტთა ალიანსი, ხოლო 9-9%-ით – ლეიბორისტული პარტია, პარტია სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა მოჰყვებიან.

პოლიტიკოსებში, საჯარო და სასულიერო პირებს შორის საზოგადოების ყველაზე მაღალი, 89%-იანი მოწონებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს, მისი პერსონა კი – მხოლოდ 6%-ს არ მოსწონს. მას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გაყრელიძე მოჰყვება, ის გამოკითხულების 74%-ს მოსწონს, 17%-ს არა. შემდეგ მოდიან – გიორგი გახარია – 63%-31%, კახა კალაძე – 57%-37%, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი – დავით ბაქრაძე – 53%-40%, შალვა ნათელაშვილი – 42%-51%, ბიძინა ივანიშვილი – 41%-51%.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რესპონდენტების 62%-ს არ მოსწონს, 32%-კი მოსწონს. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიმართ უარყოფითად რესპონდენტების 52%-ია განწყობილი, 34%-ს კი მისი პერსონა მოსწონს. პარტია ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე არ მოსწონს გამოკითხულების 57%-ს, 27% კი – მის მიმართ დადებითად არის განწყობილი.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულებმა ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულება გირჩის ერთ-ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის მიმართ გამოხატეს. იგი რესპონდენტების 73%-ს არ მოსწონს. მას უარყოფით რეიტინგებში 72% და 66%-ით ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსდევენ.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში კითხვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საერთაშორისო დიპლომატების შუამავლობით 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებაც დაისვა. რესპონდენტების 41% შეთანხმებას მხარს ძლიერად უჭერს, 36% გარკვეულწილად უჭერს, 8% უფრო წინააღმდეგია, 5% შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 11%-მა კი – არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

ამასთან, 8 მარტის შეთანხმების შედეგად, პარლამენტში პროპორციული მანდატების 77-დან 120-მდე გაზრდას გამოკითხულების 15% ძალიან დადებითად აფასებს, 39% უფრო დადებითად, 11% უფრო უარყოფითად, 3% ძალიან უარყოფითად, 32%-მა კი – არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

კვლევაში მოქალაქეებს კითხვები ქვეყნის საგარეო კურსის შესახებაც დაუსვეს. რესპონდენტების 94% ფიქრობს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა აქვს. 93% იმავეს ამბობს, ევროკავშირზე, 84% უკრაინაზე, 78% თურქეთზე, 71% სომხეთზე, 68% აზერბაიჯანზე, 64% ჩინეთზე და 50% ირანზე. გამოკითხულების 6% კი – მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ/ეკონომიკურ პარტნიორად გამოკითხულების უმრავლესობა (65%/51%) ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს, ამავე მიმართულებით საფრთხედ კი – რუსეთს მიიჩნევს (82%/70%) ასახელებს.

გამოკითხულების 29% მოქმედი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობების გამკლავებას გარკვეულწილად ნეგატიურად აფასებს, 33% რომ გარკვეულწილად დადებითად, 23% ძალიან უარყოფითად, 6% კი – ძალიან კარგად, რომ ძალიან კარგად. ამასთან, რესპონდენტების 40% რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მხარს სრულად უჭერს, 35% მხარს გარკვეულწილად უჭერს, 8% უფრო არა, 14% – სრულად ეწინააღმდეგება.

გამოკითხულების 56% საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს სრულად უჭერს, 22% გარკვეულწილად უჭერს, 6% უფრო არ უჭერს, ხოლო 7% კი – ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას სრულად ეწინააღმდეგება.

ამასთან, რესპონდენტების 51% ამბობს, რომ ქვეყანა ალიანსში მას შემდეგ უნდა გაწევრიანდეს, რაც ქვეყნის სრული დეოკუპაცია მოხდება, 30%-ის მოსაზრებით კი – ქვეყანა ნატოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემოერთებამდეც უნდა გაწევრიანდეს.

რაც შეეხება ევროკავშირს, გამოკითხულების 64% ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა, 23% გარკვეულწილად მომხრეა. ამასთან, 43%-ის მოსაზრებით, ევროკავშირიდან მიღებული მთავარი სარგებელი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობაა.

აგრეთვე, გამოკითხულების 37% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი მხოლოდ ევროკავშირის და პროდასავლური მიმართულებით უნდა განვითარდეს. 45%-ის მოსაზრებით, აღნიშნული კურსის პარალელურად ქვეყანამ ურთიერთობა რუსეთთანაც უნდა შეინარჩუნოს. 6%-ის მიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი პრორუსული მიმართულებით უნდა განვითარდეს, თუმცა დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს. 2%-ის მოსაზრებით კი – ქვეყანა მხოლოდ პრორუსული გზით უნდა წავიდეს.

გამოკითხულების 25% ქართული ოცნების ხელისუფლების მთავარ მიღწევად კოვიდ-19-თან ბრძოლას ასახელებს, 7% ჯანდაცვის სისტემის რეფორმას, 3% სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. 15% მიიჩნევს, რომ ოცნების ხელისუფლებას მიღწევა არ აქვს, 32%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

ოცნების წარუმატებლობაზე კითხვის საპასუხოდ, რესპონდენტების 9% დაპირებების შეუსრულებლობას ასახელებს, 7% ეკონომიკურ უკუსვლას, 6% უმუშევრობას, 6% 2019 წლის ივნისის მოვლენებს, 4-4% კი – ოკუპირებულ ტერიტორიებსა და სიღარიბეს.

ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის სათავეში 89%-ით ქართული ჯარი დგას, მას 85%-ით მართლმადიდებლური ეკლესია, 71%-ით მედია. ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პროკურატურას (32%), სასამართლოებს (32), გუბერნატორებსა (30%) და პროფესიულ კავშირებს (25%) აქვთ. ნეგატიური განწყობებში 61%-ით პრეზიდენტის ინსტიტუტი ლიდერობს.

ამასთან, გამოკითხულების 11% ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორს მთავრობის პოლიტიკაზე დიდი გავლენა აქვს, 32% მიიჩნევს, რომ გავლენა რამდენადმე აქვს, 27%-ის თქმით მცირე გავლენა აქვს, 16% კი – ფიქრობს, რომ არასამთავრობოებს მთავრობის პოლიტიკაზე გავლენა საერთოდ არ აქვთ.

Civil.ge