აქტუალური
ლიეტუვამ შესაძლოა ლუკაშენკო ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნოს

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას, ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნოს. ამის შესახებ გამოცემა Delfi წერს.

ამ განცხადებას ყველა პარტია ეთანხმება. მოვუწოდებთ სხვა დემოკრატიული ქვეყნების პარლამენტებს, დააფიქსირონ ასეთივე პოზიცია და ევროკავშირთან ერთად ბელარუსში არჩევნების ხელახლა ჩატარება მოვითხოვოთ“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

კომიტეტის განცხადება ასევე შეიცავს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გათავისუფლებას, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შეწყვეტას, სიტყვის თავისუფლებისა და სხვა სამოქალაქო უფლებების დაცვას. კომიტეტი ასევე მოუწოდებს ლიეტუვის მთავრობას, ბელარუსს სანქციები დაუწესოს. ბელარუსის საკითხთან დაკავშირებით ლიეტუვის პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო აჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.