უცხოეთი
პომპეო ბელარუსზე: "არჩევნებმა წარმოუდგენლად შეგვაშფოთა და ღრმად იმედგაცრუებული ვართ"

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ბელარუსში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას თქვა, რომ „ჩვენ გვინდა კარგი შედეგი ბელარუსიელი ხალხისთვის და ჩვენ ამის შესაბამისად მივიღებთ ზომებს.“

პომპეომ, რომელმაც მანამდე დაგმო ის, თუ როგორ ჩატარდა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ზედიზედ მეექვსე ვადით მოიპოვა გამარჯვება, განაცხადა: „ჩვენ ვნახეთ ძალადობა და მისი შედეგები, როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს ექცეოდნენ ისე, როგორც ეს შეუსაბამოა იმასთან, თუ როგორ უნდა ექცეოდნენ მათ.“

პომპეოს თქმით, აშშ-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება შესაფერისი პასუხის თაობაზე, მაგრამ ვაშინგტონის ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით განსაზღვრავს, რა ნაბიჯები გადადგას.

ბელარუსში კენჭისყრას, რომელიც, ოპოზიციის თქმით, „გაყალბებულია“, მოჰყვა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც მესამე დღეა გრძელდება. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღიც. დაკავებულია რამდენიმე ათასი ადამიანი.

შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა არჩევნები და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები აშშ-ბელარუსის ურთიერთობებზე, მათ შორის აშშ-ის მიერ დაპირებულ ნავთობის მიწოდებაზე, პომპეომ თქვა: „ამაზე უნდა ვიმუშაოთ... ჩვენ არჩევნებმა წარმოუდგენლად შეგვაშფოთა და ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ ის არ იყო უფრო თავისუფალი და უფრო სამართლიანი.“

პომპეო ორი დღით იმყოფება პრაღაში საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში.

radiotavisupleba.ge