საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ზოგიერთ ნაწილს. თუმცა ის „საყურადღებო და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ 11 აპრილს.
„ამავე დროს, ჩვენთვის კრიტიკაც მისაღებია. დასმული საკითხების დიდი ნაწილი [აშშ-თან] ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად განიხილება“, – აღნიშნა მან.
„ჩვენი გადმოსახედიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ანგარიშში არის ის, რომ ძალიან მკაფიოდ და ცალსახად არის ასახული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჩვენი და აშშ-ის პოზიციები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით“, – თქვა კალანდაძემ.
თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ანგარიშში არის ნაწილები, რომელთაც ჩვენ არ ვეთანხმებით“.
მისი თქმით, სხვა ქვეყნებზე ანალოგიურ ანგარიშებთან შედარებით, საქართველოს მიმართ შეფასებები „არის უდავოდ ძალიან პროგრესული“.