საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პირიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სამხედროები არიან.
„გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 44-ით. იყო 1010 და ახლა არის 1054. 44 გამოჯანმრთელებულიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან. დანარჩენები კი, ჩვენს ქვეყანაში დაინფიცირებული პირები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 930 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263.