აქტუალური
ევროკავშირმა პარტნიორი რვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დახმარების პროგრამა შეათანხმა

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ევროკავშირმა პარტნიორი რვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დახმარების პროგრამა შეათანხმა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

დღეისთვის ევროკომისიამ რვა პარტნიორ ქვეყანასთან მაკროფინანსური დახმარების პროგრამებთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმები შეათანხმა. ეს შეთანხმებები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით სამი მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს“, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ პროგრამების მიმდინარეობა და მათი სწრაფი განხორციელება ამ ქვეყნებისადმი ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა დღევანდელი უპრეცედენტო კრიზისის დროს.

ურთიერთგაგების მემორანდუმები უკვე შეთანხმებულია ალბანეთთან, იორდანიასთან, კოსოვოსთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან, საქართველოსთან, უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ოთხ ქვეყანასთან – კოსოვო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა – მემორანდუმები უკვე ოფიციალურად გაფორმდა, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ტუნისთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ურთიერთგაგების მემორანდუმები ავალდებულებს დახმარების მიმღებ ქვეყნებს (ბენეფიციარებს), მეორე ტრანშის მისაღებად განახორციელონ გარკვეული საქმიანობა სექტორული პოლიტიკის სფეროში.

ურთიერთგაგების მემორანდუმების შეთანხმება და მათი ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პირველი ტრანშის მისაღებად, რაც განპირობებულია პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით, მათ შორის დემოკრატიული პრინციპების დაცვის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის სფეროებში. ბენეფიციარი ქვეყნები ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარების პროგრამით ისარგებლებენ“, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობები უკავშირდება სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობის გაუმჯობესებას, სექტორულ რეფორმებს და შრომის ბაზართან დაკავშირებულ პოლიტიკას.