უცხოეთი
ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციების უკან პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი დგანან

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის საპროტესტო აქციების უკან პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი დგანან. მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ლუკაშენკომ დსთ-ს აღმასრულებელ მდივან სერგეი ლებედევთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

„არჩევნები დღესასწაულია. ვიღაცას ამ დღესასწაულის ჩაშალა უნდოდა. ჩვენ ისინი დავინახეთ. დაფიქსირდა ზარები პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან. ისინი ჩვენს ცხვრებს მართავდნენ, რომლებიც ვერ ხვდებიან რას აკეთებენ და ამიტომ მათ მართავენ“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, ლუკაშენკომ ამომრჩევლეთა ხმების 80.23 % მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ – 9.90 %. წუხელ, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბელარუსის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

interpressnews.ge