რელიგია
საქართველოს პატრიარქმა თაობათა შორის კავშირის შესახებ იქადაგა

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

მისი თქმით, დღეს აღევლინა განსაკუთრებული ლოცვა იმისთვის, რომ თაობებს შორის კავშირი იყოს. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩვენ "ვცხოვრობთ რთულ დროს".

"ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლის დღესასწაულს, ეს ტრადიციული დღესასწაულია. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რომ იყოს კავშირი თაობათა შორის. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე. ახალგაზრდებს ვუსურვებ, რომ პატივი სცენ მამათა თვისთა და დედათა თვისთა, უფროს თაობებს, რათა დღეგრძელნი იყვნენ და კეთილდღეობა სუფევდეს მათთან. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მაგრამ ღვთის ძალით, ღვთის მადლით ყველაფერი დაიძლევა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და მსოფლიოს მფარველი", - განაცხადა ილია მეორემ.