აქტუალური
33 რესტორანს და 18 ბაზარს საჯარიმო სანქციები დაეკისრა

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში 150-მდე გეგმური ინსპექტირება განხორციელდა, რის შედეგადაც 33 რესტორანს და 18 ბაზარს საჯარიმო სანქციები დაეკისრა, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების ფარგლებში საქართველოში ყველა ტიპის რესტორანი, ბარები და კაფეები 8 ივნისს გაიხსნა. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, როგორც დაწესებულებების მფლობელებს, ისე სტუმრებს მთელი რიგი სავალდებულო მოთხოვნების შესრულება უწევთ. საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

შემოწმდა როგორ იცავს ესა თუ ის კომპანია უსაფრთხოების წესებს. მათგან გეგმურად შემოწმდა 91 რესტორანი, აქედან 33 დაჯარიმდა. ამ კუთხით დინამიკა საკმაოდ დადებითია, ვინაიდან პირველ დღეებში, როდესაც ჩვენ დავიწყეთ რესტორნების შემოწმება, სურათი გაცილებით რთული იყო“, – განაცხადა ფერაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“.

მან რესტორნებისა და კვების სხვა ობიექტების მფლობელებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, როგორც რესტორნების, ისე სასტუმროების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.

ჯარიმის გამოწერამდე შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, თბილისის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები რეკომენდაციებს გასცემენ.

სპეციალისტები აქტიურად ამოწმებენ, თუ რამდენად სრულყოფილად ხდება უსაფრთხოების წესების დაცვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ ბაზრებში.

რაც შეეხება ბაზრობებს და სხვადასხვა ტიპის ობიექტებს, აქაც მიმდინარეობს გეგმური მონიტორინგი. 27 ბაზარია შემოწმებული, 18 მათგანი დაჯარიმდა. აქ გამოწვევები არსებობს, თუმცა დადებითია დინამიკა, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება“, – განაცხადა ფერაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება, იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ფიზიკური პირი კი 2 ათასი ლარით ჯარიმდება.