საზოგადოება
ნანა ლეჟავა: „თუ ხელისუფლება აქამდე მხოლოდ ამქვეყნად გვატყუებდა, ახლა მისი ტყუილი იმ ქვეყანასაც სწვდება“

argveTiროგორც ცნობილია, დაახლოებით 1 კვირის წინათ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოეტ მუხრან მაჭავარიანის მშობლიურ სოფელ არგვეთს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ამცნო, რომ პოეტის უკანასკნელი სურვილი შეასრულა და სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ იცრუა.

არგვეთში წყალთან დაკავშირებული ვითარების გასარკვევად გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“ წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებმაც იქ არსებული სიტუაცია გუშინდელ ეთერში გაახმიანეს.

„როგორც აღმოჩნდა, თუ ხელისუფლება აქამდე მხოლოდ ამქვეყნად გვატყუებდა, ახლა მისი ტყუილი იმ ქვეყანასაც სწვდება“, – აცხადებს გადაცემის ავტორი და წამყვანი ნანა ლეჟავა, რომელიც ქართული ნაციონალური ტელეარხების მიერ გადმოცემულ ინფორმაციას სრულად აბათილებს.

ტელეარხების ეთერით მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ახალი წყალგაყვანილობის სისტემა შეამოწმა და რომ სისტემა სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა, როგორც „კვირის რეპორტაჟის“ მასალებიდან ჩანს, ადგილზე ჩასულ სააკაშვილს მდინარე ყვირილადან სახანძრო მანქანებით ამოტუმბული წყალი დაალევინეს, რომელიც სიცოცხლისთვის არცთუ ისე უსაფრთხოა.

ადგილობრივთა განცხადებით, სააკაშვილთან შეხვედრაზე სპეციალურად შერჩეული ხალხი მიიყვანეს, არგვეთელები პრეზიდენტთან არცკი მიუშვეს – სამართალდამცველებმა ავტომანქანებში ჩასხეს და სოფლები შემოატარეს, ვიდრე ქვეყნის პირველმა პირმა ტერიტორია არ დატოვა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი საჩხერის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემაც გააკეთა, რომელმაც უწყლობა უშუქობას დააბრალა და აღნიშნა, რომ შეფერხება დროებითია, თუმცა, როდესაც ჟურნალისტები მისგან ინტერვიუს იღებდნენ, სოფელ არგვეთს შუქი შეუფერხებლად მიეწოდებოდა.

ამასთან, გადაცემაში საჩხერეში გახსნილ საცურაო აუზზეცაა საუბარი, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა რაიონში ვიზიტისას გახსნა, სინამდვილეში კი აუზი ადგილობრივებს ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა აუშენა და ის სამი თვის წინათ გაიხსნა. ადგილობრივების თქმით, ეს სააკაშვილის კიდევ ერთი დადგმული სპექტაკლი იყო.