სამართალი
საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

 საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, სამშობლოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, წინასწარ დარეგისტრირდნენ საელჩოში.

„კოვიდ-19“ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩაკეტილი სახელმწიფო საზღვრის პირობებში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება მოხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

ბოლო დღეებში აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „წითელი ხიდის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შეიქმნა არაორდინალური ვითარება.

კერძოდ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები, მოქმედი რეგულაციების გვერდის ავლით და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან კოორდინაციის გარეშე, შეუთანხმებლად და არაორგანიზებულად ცდილობენ სამშობლოში დაბრუნებას.

აღნიშნულმა მცდელობებმა გამოიწვია ურთულესი პრობლემები, როგორც ლოგისტიკური თვალსაზრისით, ასევე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების კუთხითაც.

შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, მოგმართავთ ქვეყანაში დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და მოგიწოდებთ, რომ სამშობლოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, წინასწარ დარეგისტრირდეთ საქართველოს საელჩოში, ასევე მკაცრად დაიცვათ აზერბაიჯანში მოქმედი საკარანტინო რეგულაციები.

„კოვიდ-19“ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩაკეტილი სახელმწიფო საზღვრის პირობებში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება მოხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ სამშობლოში ორგანიზებულად და უსაფრთხოდ ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის გაგრძელების მიზნით, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს საელჩოში.

მისამართი: ქ. ბაქო, ნარიმანოვის რაიონი, იაშარ ჰუსეინოვის ქუჩა N 13/15

საკონტაქტო ტელეფონები: 050 250-07-10 (ცხელი ხაზი); 012 497-45-60“, – ნათქვამია აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.