სამართალი
ია მეტრეველი - ირაკლი ოქრუაშვილი პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს!

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს.

მეტრეველის თქმით, ისინი პირველივე დღიდან ითხოვდნენ ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისგებას, რადგან ის მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

რა თქმა უნდა, ახლა როგორც აწყობთ ყველაფრის პოლიტიზირებას ახდენენ, რომ როგორღაც დანაშაული თავიდან აიცილონ. ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვდით ოქრუაშვილის პასუხისგებას, ვინაიდან ის იყო მაშინ შს მინისტრი და დაუშვებელია, რომ ის არ ყოფილიყო საქმის კურსში. იმ ღამით თუ სადმე პოლიცია და სტრუქტურა არსებობდა, ყველა იყო იქ მისული იმის გამო, რომ რაც გააკეთეს როგორღაც გადაეფარათ. სააკაშვილს და ოქრუაშვილს სიტყვასიტყვით აქვთ ნათქვამი, რომ პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო და ყველაფერი ისე უნდა ჩაეფარცხათ, რომ საზოგადოებისთვის მიეწვდინათ აბსოლუტურად სხვა ინფორმაცია, რომ ესენი იყვნენ ბანდიტები. ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა. ოქრუაშვილი პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს და პოლიტიკურს ვერ დაარქმევს ამას“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.