სამართალი
გარდაბანში ეპიდემიური ვითარება უარესდება

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ გარდაბანში არსებული ეპიდემიური ვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის დადასტურებული ბოლო 20 შემთხვევა გარდაბნიდან მოდის, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 21 ივლისიდან ორ სოფელში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება ჩატარდეს.

ცოტა გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბანში. გარდაბნის ორ სოფელში, სადაც ბოლო 20 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, ხვალიდან იწყება გაფართოებული ტესტირება... ერთ-ერთ სოფელში გვაქვს უკვე 11 ინფიცირება და ხვალიდან ორ სოფელში დავიწყებთ გაფართოებულ ტესტირებას. ანუ გვინდა, რომ მთლიანად სოფლის მოსახლეობა გავტესტოთ. სადაც დადებითი იქნება (შედეგები), დროულად რომ იყვნენ იზოლირებული და გადაყვანილი სამკურნალოდ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ინფიცირების ახალი ჯაჭვის გაწყვეტა, რომელიც თანდათანობით ძლიერდება. ამისთვის რეგიონში რამდენიმე ათასი ადამიანისთვის ტესტირების ჩატარებაა საჭირო. რაც შეეხება ინფიცირების წყაროებს, ის სამ შემთხვევაში უცნობია, აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

კითხვაზე, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ ამ სოფლებში კარანტინი გამოცხადდეს, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი 21 ივლისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება.

მთლიანად ქვეყანაში ეპიდვითარების შეფასებისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სიტუაცია მართვადია. მისი თქმით, ზაფხულში, წინა თვეებთან, კერძოდ, მარტთან და აპრილთან შედარებით, იმატა კორონავირუსის მსუბუქი და საშუალო ფორმების შემთხვევებმა. ანუ საქართველოში დინამიკა შემსუბუქდა და მძიმე პაციენტები თითქმის არ არიან. იყო ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც გარდაიცვალა.

იქნება ხუთი, ათი, თუ 12 შემთხვევა, მთავარია, რომ მდგომარეობა მართვას ექვემდებარება. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ზოგადად, გლობალურად, არა მარტო საქართველოში, კოვიდის სიმძიმე უფრო მცირდება. სიკვდილიანობის პროცენტი 7-დან 4.1 პროცენტზე ჩამოვიდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 1039 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულებს დაემატა ერთი პაციენტი - ახლა მათი რაოდენობაა 900. გარდაიცვალა 16 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5534, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.