საზოგადოება
სერგეი გავრილოვი „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი“ გახდა

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. 17 ივლისს ოკუპირებულ სოხუმში ჩატარდა პრესკონფერენცია საქველმოქმედო მოძრაობის „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“. სოციალური პლატფორმის „აფხაზეთის მომავლის“ თანათავმჯდომარის მილანა ხაშბას თქმით, „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ ახალ შემადგენლობაში აფხაზური და რუსული მხარეებიდან 10-10 ადამიანი შევიდა.

სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ სტატუსი ერგო რუსეთის დუმის დეპუტატს სერგეი გავრილოვს. ეს სტატუსი ასევე მიიღეს რუსეთის სახალხო არტისტმა ნიკოლაი ბასკოვმა, მომღერალმა ვალერიამ და სხვ.

„აფხაზეთის კეთილი ნების ელჩის“ მოძრაობა 2017 წლის ივნისში, მოსკოვში დაარსდა. ის საქმიანობს ჰუმანიტარულ პროექტებში ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით.

გავრილოვი საქართველოში ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გასულ წელს გახდა. 2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

20-21 ივნისს აქციაზე 275 ადამიანი დაშავდა - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, პოლიციელები, პოლიტიკოსები. მათგან 28-ს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. აქციაზე მიღებული ტრავმის შედეგად ორმა მონაწილემ დაკარგა თვალი, სხვა ორმა თვალი შეინარჩუნა, მაგრამ მხედველობა - ვერა.

პროკურატურამ დაზარალებულად ცნო შსს-ს 78 თანამშრომელი და მხოლოდ 7 სამოქალაქო პირი. აქციის ღამეს დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფოს ნაცვლად ფონდი „ქართუ“ ფარავს.