უცხოეთი
ჯო ბაიდენი: სიტუაცია იმდენად რთულადაა, რომ დონალდ ტრამპმაც კი გადაწყვიტა, პირბადე ატაროს

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კორონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული ნაბიჯებისთვის გააკრიტიკა.

მისი თქმით, ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გასულ კვირას საჯაროდ პირბადით გამოჩნდა, საკმარისი არ არის.

„ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ზუსტად ეს მეტყველებს იმაზე, რომ ტრამპმა კორონავირუსზე რეაგირება ვერ მოახერხა. სიტუაცია იმდენად რთულადაა, რომ დონალდ ტრამპმაც კი გადაწყვიტა, საჯარო ადგილებში პირბადე ატაროს. მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. თუმცა, ბატონო პრეზიდენტო, ეს საკმარისი არ არის. პრეზიდენტის მხრიდან ლიდერის თვისებების გამოვლინების გარეშე ამერიკელებს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოდ ვერ დავაბრუნებთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე მოუწოდა დონალდ ტრამპს, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების რჩევები გაითვალისწინოს.

„თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ამ კრიზისს, მაშინ ვერც ეკონომიკურ კრიზისს გადავლახავთ“, - დასძინა მან.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 3 507 632 შემთხვევა დადასტურდა, 138 700 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 565 551 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

imedinews.ge