საზოგადოება
სახელმწიფო გააგრძელებს შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას - გიორგი გახარია

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. მთავრობა მოიზიდავს საჭირო ფინანსურ რესურსებს, რათა კიდევ ერთხელ დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს.

სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების პაკეტებით ამ დროისთვის უკვე ისარგებლა 721 ათასმა მოქალაქემ. ფულად კომპენსაციებს, მათ შორის, იღებენ თვითდასაქმებულები, ასევე ის დასაქმებულები, რომლებმაც შემოსავალი ან სამუშაო პანდემიის დროს დაკარგეს. გარდა ამისა, ერთჯერად დახმარებას იღებენ ის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურად მუშაობდნენ.

მიუხედავად იმ შედარებით პოზიტიური ტენდენციისა, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ ჩვენ შეძლებისდაგვარად კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, გადახედოს იმ მოქალაქეების სიას, რომლებსაც სახელმწიფო სოციალურ მიზნობრივ დახმარებას უწევს და იფიქროს, რისი გაკეთება შეიძლება დამატებით მათთვის.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა დინამიკურად ვითარდება. მისი თქმით, სახელმწიფოს დახმარების პროგრამით უკვე 70 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს რთვლისა და თხილის მოსავლის აღების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ამ სფეროებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაავალა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ამას წინათ თელავისა და ყვარლის რაიონებში სეტყვისგან რამდენიმე სოფელი დაზარალდა და პირობა დადო, რომ მთავრობა ფერმერებზე იზრუნებს.

მიუხედავად ნეგატიური მოლოდინებისა, საქართველოს ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნება, ასევე აშკარად იზრდება აქტიურობა ტურისტული სექტორის მიღმა. დადებითი მაჩვენებლებია ფინანსურ სექტორში როგორც საგადასახადო შემოსავლების, ისე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს საკითხები გამოყო პრემიერმა.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც პირველ რიგში აჩვენებს ეკონომიკის მდგომარეობას რეგიონში, ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7 პროცენტი, ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის გამოცხადების შემდეგ, აშკარად გაიზარდა აქტიურობა. მაგალითად, სამშენებლო სექტორში ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების გაყიდვები.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს იმის შედეგია, რომ ქვეყანამ მოქალაქეებთან ერთად მოახერხა და კიდევ ახერხებს კორონავირუსის ეფექტურ მართვას და ეს „არის გასაღები შემდგომი ეკონომიკური სწრაფი და ეფექტური აღდგენის“.