აქტუალური
ბერა ექვს ენაზე საუბრობს – მუსიკოსი ვიდეოს აქვეყნებს

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. ალბათ ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ მუსიკოსი ბერა ივანიშვილი პოლიგლოტია და თავისუფლად საუბრობს ექვს სხვადასხვა ენაზე.

მუსიკოსი ბერა ივანიშვილის ოჯახი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. ბერა თაყვანისმცემლების გაოცებას არ წყვეტს. ამჯერად ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა საზოგადოება ენების ცოდნით გააოცა. TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბერა ექვს სხვადასხვა ენაზე თავისუფლად საუბრობს – ინგლისურად, ქართულად, რუსულად, ფრანგულად, პორტუგალიურად და კრეოლურ ენაზე.

ბერაზე არანაკლებ პოპულარული მისი მცირეწლოვანი შვილი ბერუკაა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს: ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდობით აღჭურვილი მეანი ესწრებოდა საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან.

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა.

„ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

Sputnik-Georgia