პოლიტიკა
აშშ დეპარტამენტი შეშფოთებულია თვითნებური დაპატიმრებებით, მსჯავრდებულთა ცემით, ლტოლვილთა უფლებების დარღვევით, სასამართლო სისტემასა და ბიზნესზე ზეწოლით, ელიტური კორუფციით, სიტყვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვით საქართველოში!

saxdepi„ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში 2010 წელს რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატების მიუხედავად, ძირითად პრობლემებს შორის რჩება პატიმართა ცუდი მოპყრობის, თვითნებური დაკავებების, კანონის შერჩევითი გამოყენებისა და ბიზნესზე ზეწოლის შემთხვევებზე არსებული ცნობები“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 8 აპრილს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ.

„ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მნიშვნელოვან მიღწევებს“ შორის ანგარიშში ჩამოთვლილია ახალი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ ამოქმედება, რომელიც განსასჯელებს მეტ უფლებებს ანიჭებს; ასევე, სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ციხეების აშენება და 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების დროს თბილისის მერის პირდაპირი წესით პირველად არჩევა.

ანგარიშის თანახმად, პრობლემად რჩება კანონის შერჩევითი გამოყენების ტენდენცია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლების ან მათი მხარდამჭერების მიერ ჩადენილი სავარაუდო უკანონო ქმედებების გამოძიება გაჭიანურებულია და ხშირად ბოლომდე არც მიდის, მაშინ, როცა ოპოზიციის ან მათი მხარდამჭერების მიერ ჩადენილი ქმედებების გამოძიება სწრაფად სრულდება, რაც იწვევს ბრალდებებს „ხელისუფლების წარმომადგენელთა დაუსჯელობის შესახებ“.

„ასევე, იყო ბრალდებები შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ნაკლებობის, სასამართლო სისტემაზე ხელისუფლების ზეწოლისა და იმის თაობაზეც, რომ ადამიანები რჩებოდნენ პატიმრობაში პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ არსებობდა ხელისუფლების მიმართ ბრალდებები, რომელთა თანახმადაც, ის ბიზნესზე ახდენდა ზეწოლას, რათა ბიზნესის მხრიდან არ მომხდარიყო ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა.

„არსებობდა სარწმუნო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა მათ მმართველი პარტიისთვის შემოწირულობები მიეცათ“, – ნათქვამია ანგარიშში.

წინა ანგარიშის მსგავსად, რომელიც 2009 წლის პერიოდს მოიცავდა, 2010 წლის ანგარიშშიც ნათქვამია, რომ „არსებობდა სარწმუნო ცნობები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ზღუდავდა სიტყვისა და პრესის თავისუფლებას“.

2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ წვრილმანი კორუფციის დონე საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ შემცირდა; დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ „პოლიციაში კორუფცია დაბალი იყო საპატრულო პოლიციის დონეზე“. თუმცა ანგარიშში ისიც აღნიშნულია, რომ „მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება“.

„ოფიციალური ანტიკორუფციული კამპანია სისხლისსამართლებრივი დევნისკენ უფროა მიმართული, ვიდრე პრევენციისკენ და ის უფრო არასტრუქტურირებულ ხასიათს ატარებს, ვიდრე სისტემურსა და ყოვლისმომცველს. შეშფოთების საგანს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დონეც სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში, საკუთრების უფლებები და ელიტური კორუფცია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე, გამოხატეს შეშფოთება ბიზნესთან მთავრობის კავშირების, კერძოდ, კორუფციული გარიგებების გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ვიდეომიმართვაში, რომელიც „YouTube“-ით გაავრცელა და რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს მიეძღვნა, განაცხადა, რომ საქართველომ „მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, თუმცა კვლავ რჩება წინსვლის შესაძლებლობა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით“.

მისი თქმით, ანგარიშში აღწერილი ნაკლოვანებები აშშ-ის წუხილის განსაკუთრებულ საგანს იმიტომ წარმოადგენს, რომ ვაშინგტონს აღებული აქვს ვალდებულება, მხარი დაუჭიროს და დაიცვას სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების დამცველები.

„მიგვაჩნია, რომ უფრო ძლიერი ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამიტომ საქართველოსთვის ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი, მათ შორის, წელს ახალ ინვესტიციებად გამოყოფილი 60 მილიონი დოლარი, მიმართულია საარჩევნო რეფორმისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დამცველი ორგანიზაციების მხარდასაჭერად“, – განაცხადა ბასმა.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კვლავაც გააგრძელებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს ამ საკითხებზე.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეხვედრას თბილისში აპრილის ბოლოსთვის გამართავს.

თავის ვიდეომიმართვაში ჯონ ბასმა, ასევე, ახსენა ჩრდილოეთ აფრიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და პრეზიდენტ ობამას მიერ ლიბიის შესახებ 28 მარტს გაკეთებული განცხადებიდან ციტატა მოიყვანა: „ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დადგეს მასთან, ვისაც სჯერა იმავე ძირითადი პრინციპების, რომლებითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით მრავალი ქარტეხილის დროს: ჩვენი წინააღმდეგობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის მიმართ; ჩვენი მხარდაჭერა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების მიმართ, მათ შორის, ხალხის ნების გამოხატვისა და საკუთარი ლიდერების არჩევის თავისუფლება; ჩვენი მხარდაჭერა იმ მთავრობების მიმართ, რომლებიც საკუთარი ხალხის მისწრაფებებს გამოხატავენ“.

„მჯერა, რომ საქართველოში მრავლად არიან ისეთი ადამიანები როგორც მთავრობაში, ისე მთავრობის მიღმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ იმავე პრინციპებით“, – განაცხადა ბასმა, „დისკუსია საქართველოში კონცენტრირებულია იმის გარშემო, თუ როგორ განხორციელდეს [ეს პრინციპები] საუკეთესო ფორმით საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის სასარგებლოდ. ასეთი დისკუსია უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ მშვიდობიანი და ცვლილებები მოჰყვეს ინსტიტუტებისა და საარჩევნო ყუთების მეშვეობით“.