სამართალი
აფხაზები გმობენ რუსული პარტიის შეთავაზებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ და „პარლამენტმა“ დაგმეს რუსეთის პოლიტიკური პარტიის – „სიმართლისთვის“ – წინასაარჩევნო პროგრამაში გაჟღერებული შემოთავაზება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რომელსაც რუსეთში ფედერაციაში რეგიონის შესვლა უნდა მოჰყვეს.

რეგიონის საგარეო უწყებამ 7 ივლისს განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სამართლებრივ საფუძველზე ყალიბდება და სამოკავშირეო ხასიათი აქვს მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა“.

უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სამოკავშირეო ხასიათი, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს, სრულად ასახავს აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის ნებას“.

აფხაზი ხალხი ამგვარ ინიციატივებს ძალზე უარყოფითად აღიქვამს“, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტმა“ 7 ივლისს და დასძინა, რომ ასეთი ინიციატივები ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას“ ხელს არ უწყობს.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ კვირაში აღიარა. დღემდე ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს. თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ორივე რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებენ.