სამართალი
ბიბილოვი ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ემხრობა

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა საინფორმაციო სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ იგი ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რუსეთის პოლიტიკური პარტიის – „სიმართლისთვის“ შემოთავაზებას მხარს უჭერს.

ჩვენ, ოსები, რუსეთის პატრიოტებიც ვართ, ვინაიდან ის ყოველთვის ჩვენ ისტორიულ სამშობლოდ მიგვაჩნდა“,- განაცხადა ბიბილოვმა 14 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში და დასძინა: „მე ორივე ხელით ვემხრობი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, როგორც პრეზიდენტი და როგორც ოსი“.

იმავე შემოთავაზებაზე აფხაზეთის ლიდერების კრიტიკის საპასუხოდ, ბიბილოვმა განაცხადა: თითოეულ რესპუბლიკას შემდგომი განვითარების საკუთარი გზა და საკუთარი არჩევანი აქვს. მე მხოლოდ ჩემი ხალხის სახელით საუბრის უფლება მაქვს“.

სამხრეთ ოსეთის ხალხის მისწრაფება ყოველთვის იყო რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და ოსი ხალხის გაერთიანება. ამას გარდა, სწორედ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, რაც ჩემი პლატფორმის საფუძველია, მისცა ხმა ოსმა ხალხმა სახელმწიფოს მეთაურის ბოლო არჩევნებზე“, – განაცხადა მან.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ კვირაში აღიარა. დღემდე ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს. თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ორივე რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ.