უცხოეთი
ბარსელონიდან თბილისში: კიდევ რომელ ქვეყნებშია დაგეგმილი სპეცრეისები

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას ავიაკომპანია Myway Airlines შეასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვით.

საქართველოს მოქალაქეები ბარსელონიდან თბილისში მორიგი სპეცრეისით ოთხშაბათს დაბრუნდებიან – ავიარეისს კომპანია Myway Airlines განახორციელებს.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. დღეს ბარსელონა–თბილისის სპეცრეისით სამშობლოში 170 თანამემამულე დაბრუნდება.

„თვითმფრინავი ბარსელონაში 11:55 საათზე გაფრინდება. რეისს ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი Boeing 737-800 შეასრულებს. ხომალდი თბილისის აეროპორტში 22:25 საათზე დაბრუნდება", – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები კვლავინდებურად 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას ავიაკომპანია Myway Airlines ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახორციელებს, ნათქვამია განცხადებაში.

ივლისში ასევე შესრულდება სამი სპეცრეისი ევროპის ქვეყნებიდან: 17 ივლისს – რომიდან, 22 ივლისს – პარიზიდან, 28 ივლისს – ათენიდან. ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ იქნება. ფრენებს ევროპის ქალაქებიდან შეასრულებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air.

sputnik-georgia.com