აქტუალური
უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს სახელმწიფოს პოზიციის წარდგენის უფლება, არჩევნების წინ აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე - დმიტრო კულება

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის დაბარებას ეხმაურება. როგორც ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაცია მწუხარებას იწვევს, რადგან „უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია უფლება და უფლებამოსილება, წარმოადგინოს სახელმწიფოს პოზიცია, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ არჩევნების წინ“.

ყოველი მისი განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და იქ მას ბატონი სააკაშვილის განცხადებების გამო უკმაყოფილებას უცხადებენ. დისბალანსი შემდეგშია – კერძო პირი გამოდის, ხოლო პასუხის გაცემა სახელმწიფოს უწევს“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინას ესმის საქართველოში შექმნილი „მგრძნობიარე სიტუაცია“ არჩევნების წინ და უკიდურესად აფასებს ქართველ პარტნიორებთან და შავ ზღვაზე მეზობლებთან მეგობრობას.

ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთობები დასტაბილურდება და ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოიფხვრება, რადგან კერძო პირის განცხადებები ვერ დაანგრევს ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს“, – განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, „საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მაქსიმალურად მკაფიოა, ბატონი სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოში სიტუაციასთან დაკავშირებით თავის კომენტარებში ის არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას“.