სამართალი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტი საქართველოს მოქალაქის დაკავების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ე.წ. საზღვარი დაარღვია და „ლენინგორის რაიონში მესაზღვრეებს ესროლა.“

11 ივლისს, დაახლოებით 9:30 საათზე, საქართველოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო-ჭალაში მცხოვრები ზაზა კახელაძე დაბადებული 1987 წელს, რომელმაც დაარღვია სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ლენინგორის რაიონის სოფელ ახმაძის მახლობლად, შევიდა. როდესაც სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვის თანამშრომლები გამოჩნდნენ, საზღვრის დამრღვევმა მათ მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა. .. კახელაძე საპასუხო სროლის შედეგად ფეხში დაიჭრა, რის შემდეგაც ის დააკავეს ", - ნათქვამია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის“ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულს ამ დროისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. ინციდენტზე კი გამოძიება მიმდინარეობს.

ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.