ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ყველა ქვეყანაში მომხდარი სოციალური კატაკლიზმები, თავისი მასშტაბით, წარმოშობითა და გეოგრაფიით, სხვადასხვაგვარია. მიუხედავად ამისა, ამან „ჯაჭვში“ ერთიმეორის მიყოლებით იფეთქა, რაც ერთი და იმავე „ჰოლივუდელი რეჟისორის“ არსებობას ადასტურებს: ყველა „რევოლუცია“ აშშ-ის მიერ იყო პროვოცირებული, ჩინეთის საპირწონედ ისლამური სამყაროს სახელმწიფოების ახალ არაბთა ხალიფატად გაერთიანების მიზნით! ჩინეთის დიდი კედლის წინ აღმართულმა ერთმორწმუნე მუსლიმანური სახელმწიფოების „ბარიკადამ“ უნდა გაანეიტრალოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თვალდათვალ მზარდი ძლიერება და დაიცვას მისგან აშშ – ამერიკული ეკონომიკა და მისი ენერგეტიკული ინტერესები აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
აღნიშნული პროექტი ოვალურ კაბინეტში დიდი ხანია, დევს, თუმცა აშშ-მა ნავთობით უმდიდრესი რეგიონისთვის „ხანძრის გაჩენა“ სწორედ დღეს რამდენიმე მიზეზით გადაწყვიტა:დიახ, აშშ ამ პროექტის დაწყებით „ამოსასუნთქავად“ დროს მოიგებს, თუმცა არაბთა ხალიფატისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წაკიდება შესაძლოა, კრახით დასრულდეს. აშშ-მა შეიძლება კონტროლი დაკარგოს და უცნობია – საით მიაბრუნებს თავს ახალშობილი ისლამური „მონსტრი“: ეგებ დასაწყისისთვის თავისივე შემქმნელები შესანსლოს და ჯიჰადი გამოუცხადოს არა ჩინეთს, არამედ გლობალიზმს დასავლური იმპერიალიზმის სახით, ანდა ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ ომი წამოიწყოს (არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ მომთმენი და ყოვლისმიმტევებელი მართლმადიდებლობისგან განსხვავებით, ისლამმა დიდი რესურსის დემონსტრირება მოახდინა – მუსლიმანები გაცილებით ძლიერი აღმოჩნდნენ რწმენაშიც და საკუთარი ღირებულებების დაცვაშიც!)...
ხოლო სამხედრო ოპერაცია ლიბიის წინააღმდეგ ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და ნატოს დაშლის დასაწყისს. ბლოკის ყველა ქვეყანამ – ოპერაციის მონაწილემ, შესაძლოა, ტერაქტები და რევოლუციები საკუთარ ქვეყანაში მიიღოს! ამ უკანასკნელს კი ხალხის უკმაყოფილება გამოიწვევს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკისადმი, რომელმაც ტერაქტებამდე და გადასახადის გადამხდელთა ჯიბეების დაცარიელებისკენ მიმართულ უზარმაზარ სამხედრო ხარჯებამდე მიიყვანა. არ არის გამორიცხული, აგრესორ სახელმწიფოთა ხელმძღვანელები ხელახალი არჩევნების შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგნენ.
როგორც ჩანს, 21-ე საუკუნეში თავისი დემოკრატიით მოფუთფუთე ევროპას სინამდვილეში არ ძალუძს, უარი განაცხადოს ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკასა და აფრიკული „საფარის“ ცდუნებაზე და არ სურს, გაიგოს, რომ ევროპული თავისუფლება და ფსევდოდემოკრატია, რომელთა მაჩვენებლებსაც დაკანონებული ერთსქესიანი ქორწინებანი, ინცესტი და ევთანაზია წარმოადგენს, მიუღებელია აღმოსავლური ცივილიზაციისთვის!
ვინ მისცა უფლება რომელიმე ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც სამხედრო „საძმოში“ გაერთიანებულან, სხვა, შორეული, მასთან არამომიჯნავე და უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერიოს?! რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ სამხედრო კოალიციისა და ნატოს ქვეყნები, როცა განსჯიან – ვინაა მართალი და ვინ – მტყუანი, სადაა ხალხი და სად – ბანდიტები? რა პრინციპით ანიჭებენ აშკარა უმცირესობას (რამდენიმე ათას მეამბოხეს, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს სამხედრო საწყობები და ნავთობტერმინალი) დემოკრატიისთვის მებრძოლთა სტატუსს და ანადგურებენ რეგულარულ არმიას წესრიგის დამცველ ძალებთან ერთად, რითაც ლიბიის მოსახლეობის უმრავლესობის უფლებებს არღვევენ? როგორ ასხვავებენ მფრინავები „კარგსა“ და „ცუდ“ ლიბიელებს, როცა მათ თავზე ბომბებს ყრიან, ანდა მეზღვაურები, რომლებიც წყალქვეშა ნავებიდან ასობით რაკეტა „ტომაჰავკს“ უჩვებენ? ვინ არის პასუხისმგებელი თითოეული მშვიდობიანი მცხოვრების დაღუპვაზე, რომელთა რიცხვიც უკვე ათასობითაა?
ორმაგი სტანდარტი – აი ეს პრინციპი! მიმდინარე წლის 26 მარტს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კორესპონდენტმა ევროპაში ჯულიანა დიუმამ ლონდონიდან გადმოცემული რეპორტაჟისას გვაუწყა, რომ „ასობით ათასი ბრიტანელი ქალაქის ქუჩებში გამოვიდა, რათა პროტესტი გამოეხატა დიდი ბრიტანეთის ახალი კოალიციური მთავრობის წინააღმდეგ და ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მანიფესტაციაა. მანიფესტანტები ყველაფერს ანადგურებენ თავიანთ გზაზე და ინგლისური პოლიცია სასტიკად არბევს მათ ხელკეტებითა და სხვა სპეცსაშუალებებით, აპატიმრებს და კრიმინალებს უწოდებს“. გეკითხებით: რატომ არ გადაკეტეს მაშინ აშშ-მა და ნატომ დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცე და არ დაიწყეს ლონდონის დაბომბვა? ბარაკ ობამამ ხომ თქვა, რომ აშშ მუდამ პროტესტის გამომხატველთა მხარეს დაიკავებს?!
დაბომბავს თუ არა ნატო პარიზს, როცა სარკოზი სტუდენტთა მორიგ მანიფესტაციას დაარბევს, ქუჩის ვიტრინებს რომ ლეწავენ და ელისეს მინდვრებზე საბურავებს წვავენ? და რატომაა, რომ ბაჰრეინში შეყვანილმა ჯარებმა პროტესტის გამომხატველებს კი არა, ხელისუფლებას დაუჭირეს მხარი?
ორი დღის შემდეგ იმავე ლონდონში, ლიბიის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის მოთხოვნით, ლიბიელთა მრავალათასიანი დემონსტრაცია მოეწყო: რატომ ვერ ხედავს ამას ჯიუტად დასავლეთი?! თუ ლიბიელი ხალხი კადაფის წინააღმდეგია, ამდენხანს ვინ ებრძვის მსოფლიოს საუკეთესო არმიებსა და მეამბოხეებს და, თანაც, იმარჯვებს?! ხოლო თუ ხალხი ლეგიტიმურ ხელისუფლებას უჭერს მხარს, რა საჭიროა მის საქმეში ჩარევა? (თუმცაღა ნატოშიც მოიპოვებიან გონივრულად მოაზროვნე სუბიექტები, მაგალითად, გერმანია და თურქეთი).
და რა შუაშია აქ პირადი სიძულვილი: „დიქატატორი კადაფი უნდა წვიდეს!“?! კი, მაგრამ რუსეთიც არაა სააკაშვილით აღფრთოვანებული, მაგრამ, უბრალოდ, არ ელაპარაკება, კი არ ბომბავს! 2008 წლის აგვისტოში მთელი საქართველო „ლანგარზე ედო“ რუსეთს, ხელისუფლებამ სამარცხვინოდ მოკურცხლა, ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი იხვეწებოდა, რუსეთს წინააღმდეგობას ნუ გაუწევთო (თითქოსდა, ჩვენს არმიას, რომელმაც ერთი დღე იბრძოლა და გაიქცა, ხოლო ახალთახალი იარაღი გზადაგზა დაყარა ისე, რომ ამერიკელების ინსტრუქცია აღარ გახსენებია, ამის გაკეთების უნარი შესწევდა!). განა რუსეთმა სააკაშვილის რეჟიმი დაამხო?! ვინ შეუშლიდა ხელს, ეს რომ კრემლში მაშინ ამგვარად გადაეწყვიტათ?! და რომ არა რუსული არმია, ვინ შეუშლიდა ხელს ჩრდილოკავკასიელთა ტალღას, თბილისს თავს დასტყდომოდა?
2011 წლის მარტში აშშ-მა სარკოზი და ევროპა ისევე გაწირა, როგორც 2008 წლის აგვისტოში – სააკაშვილი და საქართველო! მაშინ ვაშინგტონს საქართველო სამხრეთ ოსეთთან ერთად სჭირდებოდა, მისი მეშვეობით დესტაბილიზაცია რომ მოეწყო ჩრდილო კავკასიაში და კასპიის ზღვის ნავთობსიმდიდრეები ეგდო ხელთ ირანზე შემდგომი ორიენტაციით; საქართველო – აფხაზეთთან ერთად, რუსეთისთვის რომ გასასვლელი მოეჭრა შავ ზღვაზე და მისი მეშვეობით დესტაბილიზაცია გამოეწვია რუსეთის სამხრეთით. როგორც ხედავთ, ორივე შემთხვევაში ერთნაირია მიზანიც (ნავთობი), ტაქტიკაცა (სხვისი ხელით) და მეთოდებიც (სამოქალაქო ომები). თავიდან აშშ-მა კბილებამდე შეაიარაღა ქართული არმია და დატენილი პისტოლეტი სააკაშვილს ხელში ჩაუდო, ხოლო შემდგომ, როცა ბლიცკრიგი არ გამოუვიდა, სარკოს უთხრეს: „არ ჩახვიდე საქართველოში, რუსებმა თბილისში შესვლა გადაწყვიტეს – და შევლენ კიდეც!“
საფრანგეთი კი დღეს ასე იოლად იმიტომ „წამოეგო“ აშშ-ის ანკესზე – საბრძოლო მოქმედებების ინიციატორი გახდა და პირველმა იმიტომ აღიარა (გაეროს რეგლამენტისა და წესდების დარღვევით) მეამბოხეთა ხელისუფლების ლეგიტიმურობა ლიბიაში, რომ სარკოზის კარზე მოსდგომია საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც, სავარაუდოდ, წააგებს. და სწორედ აქ გამოადგა სააკაშვილის გამოცდილება, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში გაცილებით რთული მდგომარეობა ჰქონდა, ვიდრე დღეს სარკოზის აქვს! და აი, 2008 წლის აგვისტოს „მშვიდობის მტრედმა“, ანუ სარკომ, 2011 წლის მარტში ასევე მიმართა მილიტარი-პიარტექნოლოგიებს, მით უფრო, რომ, თუ წააგებს და, სააკაშვილისგან განსხვავებით, პრეზიდენტად ვერ დარჩება, საფრანგეთის ტერიტორიის 20 პროცენტს მაინც არ დაკარგავს... თუმცაღა, პრაგმატული დასავლეთი ვერასოდეს დაამარცხებს ემოციურ აღმოსავლეთს იმიტომ, რომ სიყვარული ღმერთია, ხოლო ღმერთი – დემოკრატიაზე მნიშვნელოვანი!
და უკვე აღარავითარი მნიშვნელობა არ აქვს, დაიშლება თუ არა ლიბია ნაწილებად, იქნება იქ ერაყისა და ავღანეთის ტიპის გაჭიანურებული კონფლიქტი, ხელისუფლებიდან კიდევ რამდენი მოღალატე გაიქცევა ლონდონში, კადაფის სპეცოპერაციის შედეგად, სადამ ჰუსეინივით ჩამოახრჩობენ, თუ მიშა მას საქართველოს მოქალაქეობას მისცემს... მთავარია, რომ ლიბიაში, ისევე, როგორც ყველა „მეამბოხე“ ქვეყანაში, ახალი ლიდერი გახდება „ძმა“ – სახელმწიფო დეპარტამენტის გეგმის შესატყვისად. აშშ-თვის ხომ მთავარი იყო, მოეხდინა პროტესტის ტალღის პროვოცირება, მოეწყო ქაოსი, სადაც ამერიკისა და „ძმები-მუსლიმანების“ უშუალო კონტროლქვეშ ისლამური ქვეყნები არაბთა ხალიფატად გაერთიანდებიან, რომელიც დაასუსტებს „ქედმაღალ“ ევროპას, „კუნთებმოთამაშე“ БРИК-ის ქვეყნებისთვის შემაკავებელ ფაქტორად იქცევა, რუსეთისთვის – ირიბ „გამღიზიანებლად“ ჩრდილოეთსა და სამხრეთ კავკასიაში და, რაც მთავარია, ყალყზე შემდგარი რაკეტებითა და ფუნდამენტალიზმით ჩინეთის სავარაუდო საფრთხისთვის – „რედუტად“.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, როცა ვაშინგტონიდან კადაფის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებები გაისმოდა, ხოლო ყველა ქართველი ექსპერტი ერთხმად უწინასწარმეტყველებდა კოალიციურ ძალებს ბლიცკრიგსა და გამარჯვებას, თქვენმა მონა-მორჩილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმთან“ (www.saqinform.ge) ინტერვიუში განვაცხადე, რომ „მწარე გამოცდილებით, აშშ სახმელეთო ოპერაციას ვერ გაბედავს და იმედოვნებს, რომ სიტუაციას მარტოოდენ სხვისი – „ძმები მუსლიმანებისა“ და თავისი ახალი ხელდასხმულების – ხელით გააკონტროლებს, რომლებითაც მეამბოხე ქვეყნების წინამორბედ ლიდერებს შეცვლის“. და აი, 10 დღის შემდეგ (ამა წლის 3 აპრილს), ამ არეულობის მომწყობმა და 550 მლნ დოლარის დამხარჯველმა აშშ-მა მაინც ვერ გაბედა სახმელეთო ოპერაცია და „ტექნიკურად“ გადაინაცვლა „ჩრდილში“, ესტაფეტა კი ნატოს გადასცა: „აშშ-ის შეიარაღებული ძალები წყვეტს უშუალო მონაწილეობას ლიბიის სამხედრო ოპერაციაში და მისიის დასრულების ვალდებულებებს დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ნატოს სხვა მოკავშირეებს გადასცემს“, – იტყობინებოდა სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით. განა მართალი არ აღმოვჩნდი?!
სხვათა შორის, იმ დღეებში კადაფის მიერ ობამასთვის მიწერილი ბარათი, სადაც პირველი ჰპირდება – „მიუხედავად ყველაფრისა, ამის შემდგომაც შვილივით მეყვარები!“, მოწმობდა, რომ ლიბიის ლიდერმა, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც მხარი დაუჭირა კოალიციის სამხედრო მოქმედებებს, ეს სიტუაცია გათვალა…
დაბოლოს: თუ „რეჟისორი“ ამიერიდანაც ხელს შეუწყობს მუსლიმანური ქვეყნების კონგლომერატის შექმნას ჩინეთის მზარდი ძლიერებისთვის დაპირისპირების მიზნით, უწინარესად, ამ კონგლომერატისგან ისრაელი დაზარალდება – გაერთიანებული მუსლიმანური სახელმწიფოები მას, უბრალოდ, ზღვაში ჩარეცხავენ!
ჩემთვის ცნობილი შეიქნა, რომ უკვე საუბარია ისრაელის სახელმწიფოს ევაკუაციის სამ ვარიანტზე: ყირიმში (უკრაინა), ებრაულ ავტონომიურ რესპუბლიკაში (რფ, ადმინისტრაციული ცენტრი – ბირობიჯანი), ციმბირის ავტონომიურ რესპუბლიკაში (რფ, ადმინისტრაციული ცენტრი – ბარნაული). არ ვიცი, რამდენად რეალურია ეს, მაგრამ ისრაელს ახლაც არ ულხინს თავის გარემოცვაში: „ჰეზბოლაჰი“, „ჰამასი“, „ძმები-მუსლიმანები“, გამუდმებული სარაკეტო იერიშები პალესტინის ტერიტორიიდან (რომელთა გამოთვლაც ტექნიკური მიზეზების გამო წინასწარ შეუძლებელია), ტერაქტები თავად ისრაელში (თუნდაც ამასწინანდელი ავიღოთ)... დიახ, ისრაელი ბირთვულ იარაღს ფლობს, თუმცა, ომის შემთხვევაში, მოასწრებს ერთი და, თუნდაც, 5 ასეთი რაკეტის გაშვებას… მაგრამ ყველა გარემომცველი მტრის გასანადგურებლად ასეთი რაკეტები გაცილებით მრავლად უნდა გაუშვას, ისრაელის გასანადგურებლად კი ერთიც საკმარისი იქნება.