სამართალი
გაუპატიურებაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული ვ.. დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა.

კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 4 დეკემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მასთან მცხოვრები ს..

პოლიციამ ის იმავე დღესვე დააკავა. მას წარედგინა ბრალდება სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ).

ხელისუფლების მიერ მიღებული ღონისძიებების მიუხედავად, ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად რჩება. 2020 წლის პირველ ოთხ თვეში დაფიქსირდა დაახლოებით 1800 ასეთი დანაშაული, საიდანაც დაახლოებით ათასი გახსნილია.