სამართალი
ჩვენ მოვამზადეთ საგამოძიებო მასალა, რომელიც ეხებოდა გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტ ვასამბეგ ბოკოვს - ნოდარ მელაძე

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ტელეკომპანია "პირველის" პროდუსერის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მისი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარება ტელეკომპანიის ეთერში შაბათს გასულ სიუჟეტის გამო მოხდა.

მისივე თქმით, აღნიშნული რეპორტაჟის გამო ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეც დაიბარეს.

,,ტვ პირველმა“ შაბათის ეთერში მოამზადა ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა, რომელიც ეხებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტს ვასამბეგ ბოკოვს. ის დოკუმენტაცია რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან დიდი შრომის შედეგად ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხა არც სუს-მა და არც პროკურატურამ. ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ დამიკავშირდა გამომძიებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და გვითხრა, რომ ამ საქმის გამოძიებისას გაჩნდა ინტერესი და კითხვები ჩვენს მიმართ. ჯერ დამირეკეს მე როგორც გადაცემის ავტორს და შემდეგ იყო ზარი ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესთან. მოვედით ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, თუმცა სუს-შიც კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, არ გვაქვს ვალდებულება დავასახელოთ წყაროები. ველოდები თუ რა კითხვები ექნებათ, იქნება ეს მხოლოდ ამ რეპორტაჟის ირგვლივ თუ იმის მიღმა", - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

როგორც ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ კითხვები რეპორტაჟის გარდა სხვა საკითხებსაც შეეხება ამ შემთხვევაში მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვს დაკითხვას.

,,ჩვენს გამოძიებაში არის კიდევ ძალიან ბევრი მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი ვიდრე გავასაჯაროვეთ, რა თქმა უნდა, მთავარი კითხვა რომელსაც გაეცა პასუხი იყო არის თუ არა ის ადამიანი ვასამბეგ ბოკოვი რომელიც ახლა იხდის სასჯელს. ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ რამდენჯერმე ნახა ვიდეო რომელიც ასახავს ვასამბეგ ბოკოვის დაკავებას, მაგრამ არც სიმაღლით არც სხვა პარამეტრებით ეს მისი ძმა არ ყოფილა. შესაძლოა თუ არა საპატიმროში ვასამბეგ ბოკოვის ნაცვლად საპატიმროში იჯდეს სხვა პატიმარი, ამ კითხვებზე შაბათს გავცემთ პასუხს. ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კითხვები ეხება მხოლოდ შაბათის ეთერში გასულ გამოძიებას, თუ ამის მიღმა იქნება კითხვები, ამ შემთხვევაში მე მოვითხოვ, რომ დავიკითხო მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით", - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.