სამართალი
მმართველმა პარტიამ რურუა უნდა გაათავისუფლოს და მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება - მაიკლ კარპენტერი

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ვფიქრობ, საქართველოშიც ვხედავთ იგივე დონის ღრმა პოლარიზაციას, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში. პოლარიზაცია ხშირად დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ის მხარეებს პარტიული ომისკენ უბიძგებს,- ამის შესახებ დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთმა მრჩეველმა და ბაიდენის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა. ამასთან ერთად, კარპენტერი მიიჩნევს, რომ საქართველოს დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში გამართოს და კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს ქვეყანა, როგორც დემოკრატიული ლიდერი რეგიონში.

კარპენტერი აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სამართლიანია და ის საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს.

ორივე მხრიდან ვხედავ დიალოგის გამართვისა და კომპრომისის მონახვის სურვილს. ის, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება გადაწყვიტა, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემის, ოპოზიციური პარტიებისთვის უფრო სამართლიანი სისტემის ქონის საშუალებას იძლევა. ამ ცვლილებების მიღება ახლა გარკვეულ პირობებს უკავშირდება, რომლებიც ჩემი აზრით, საფუძვლიანია. მათ შორისაა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რურუას გათავისუფლება. მე ვფიქრობ, ეს საფუძვლიანი მოთხოვნაა და ის უნდა გაათავისუფლონ. თუ ეს მოხდა - და მე ამის იმედი მაქვს - ვფიქრობ, ცვლილებებს საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერა აქვს და მათი მიღების შემთხვევაში ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში გაიმართება, რაც ყველას სურვილია. ყველა დემოკრატიაში არსებობს პოლიტიკურ მხარეებს შორის დაპირისპირება. ყოველთვისაა დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. საბოლოო ჯამში, ყველაფერი თამაშის წესების პატივისცემას, დემოკრატიის პრინციპების პატივისცემას უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობდეს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემა. მე ვნახე ბატონი რურუას წინააღმდეგ არსებული ბრალდებები. თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ ან არ დაიჯეროთ ამ ბრალდებების სიმართლე. მე მიმაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ ის უნდა გაათავისუფლოს და მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. მმართველ პარტიას ბევრი პოზიტიური რამ აქვს ხალხისთვის სათქმელი. მათ არაჩვეულებრივად გაართვეს თავი კორონავირუსის პანდემიას. საქართველო, ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, მსოფლიოს მასშტაბითაა ლიდერი. მათ, როგორც მმართველ პარტიას, შეუძლიათ ეს მიღწევა გამოიყენონ საარჩევნო პლატფორმად. მოდით, არ გვქონდეს ეს შეფარული ძალისხმევა, რომ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შევუშალოთ. ყოველთვის არსებობს კომპრომისი, ამბავს ყოველთვის ორი მხარე აქვს, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასე ხდება. საქართველოში კარგი ისაა, რომ დიალოგი მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ამ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნება“,- განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.