სამართალი
ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე უარს ამბობს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვს - დიმიტრი საძაგლიშვილი

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა.

როგორც გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცოტა ხნის წინ ჩაბარდა უწყება. ასევე, ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნიკა გვარამია დაკითხვაზე გუშინ, 16:00 საათზე დაიბარა.

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საკითხს ეხება.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.