პოლიტიკა
ეჭვი, თითქოს რუსეთის ხელისუფლებას ქართველ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმა სურდა, აბსურდულია - პესკოვი

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ნებისმიერი ეჭვი, თითქოს რუსეთის ხელისუფლებას ქართველ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმა სურდა, აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

როგორც საგენტო РИА Новости წერს, პესკოვმა ასეთი პასუხი რამზან კადიროვის განცხადების თაობაზე დასმულ შეკითხვას გასცა.

არ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ, თუ გახსოვთ, თავდაპირველად ოფიციალურად ბრალდებები ინციდენტთან კავშირში ლამის რუსეთის ხელისუფლების მიმართ ისმოდა. ჩვენ იმთავითვე ვამბობდით, რომ ნებისმიერი ბრალდება ამ შემთხვევაში აბსურდულია და არ შეესაბამება სინამდვილეს“, — აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ასევე გააკეთა კომენტარი ბრალდებაზე, რომ გაბუნიას ლიკვიდაცია მისი დავალებით უნდა მომხდარიყო. კადიროვის თქმით, საერთოდ არ აინტერესებს „ვაი-ჟურნალისტი“, ხოლო თუ ვინმე მისგან რაიმე დავალებას იღებს, ის მას აუცილებლად ასრულებს.

საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა გასულ კვირაში სპეცოპერაციისას რუსეთის მოქალაქე დააკავა ყალბი საბუთების დამზადება–გამოყენების ბრალდებით. მოგვიანებით უწყებამ განაცხადა, რომ ის დაკავებულია დაკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში. სუს-მა მხოლოდ დაკავებულის ინიციალები გაამხილა — ვ.ბ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვია, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საჯაროდ შეურაცხყოფისთვის.