პოლიტიკა
გიგი უგულავა - სოლიდარობა გიორგი გაბუნიას, ადამიანურად, ძალიან რთულია, ამას ყველაფერს გაუძლო, გადაიტანო

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას. მისი თქმით, ადამიანურად, ძალიან რთულია, გაუძლო და გადაიტანო ის გამოწვევა, რის წინაშეც ის დადგა.

პირველ რიგში, მინდა, გიორგი გაბუნიას სოლიდარობა გამოვუცხადო იმ გამოწვევაში, რის წინაშეც ის დადგა. ძალიან რთულია ადამიანურად, ამას ყველაფერს გავუძლო, გადაიტანო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის შეძლებს და კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა.

პოლიტიკურად ეს არის კატასტროფა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების იქნება თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დავალებით, შეიძლება, ასეთი რამე შენს ქვეყანაში ხდებოდეს“, – აცხადებს უგულავა.

მან გაიხსენა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე.

„ამ საქმეზე მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ, რომ ეს ხელისუფლება, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტს ეხება საქმე, ისე იძიებს საქმეებს, თითქოს ეხება მეორეხარისხოვან მოქალაქეს. ეს არის პრობლემა. ანუ, თუ ვიღაც ოპოზიციისკენ არის, ის მეორეხარისხოვანი მოქალაქეა და მისი საქმის გარშემო გამოძიება შეიძლება იყოს მიფუჩეჩებული, ისევე, როგორც მოხდა გივი თარგამაძის შემთხვევაში.

ქართული ოცნების“ მომხრეებში და ხელისუფლების სხვადასხვა შტოში „რა მოხდა, გიორგი გაბუნიაა“ – ასეთი ტონალობა იგრძნობა. ეს არის კატასტროფა, რადგან ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ თუ დააკანონებენ ამ ქვეყანაში, რომ ვიღაცები ვართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, ეს მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ანახებენ მათ, ვისაც თავი ელიტა ჰგონია და ფიქრობს, რომ ყველაფერი უბედურება ამათ და ყველაფერი სიკეთე მათ, ასე ქვეყანა ვერ აშენდება და წინ ვერ წავა.

ამიტომ, ძალიან მკაფიო ნაბიჯებია საჭირო არა მარტო გამოძიების მიმართულებით, არამედ პოლიტიკური ნაბიჯებია საჭიროა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გაფანტოს ეს ჩვენი ლეგიტიმური ეჭვი. საქართველოში მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არ იქნებიან, ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან უნდა იყოს დაცული ერთნაირად და საიმედოდ. ამიტომ, გამოძიების გარდა, აუცილებელია საერთაშორისო პოლიტიკური ნაბიჯები, მათ შორის ჩვენი პარტნიორების ჩართვა, რომ სურათი უფრო ფართო იყოს, ნათელი და რაც უფრო საერთაშორისო რეზონანსი ექნება საქმეს, მით უფრო ნაკლებად მოხდება ასეთი რამ, ამ შემთხვევაში, გიორგი გაბუნია იქნება ამ ძალადობისგან დაცული“, – აცხადებს უგულავა.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.